ბოჭორიშვილი უარყოფს რუსეთთან მოლაპარაკების მოსკოვში ან თბილისში გადატანის შესახებ მსჯელობას, კობახიძე აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის განახლებული დიალოგის მოსკოვში ან თბილისში გადატანასთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიანიშნა, რომ მოლაპარაკებებმა შესაძლოა „დედაქალაქებში“ გადაინაცვლოს. ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა მინსკში გაიმართა.
25 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვში ან თბილისში შეხვედრების გამართვის თაობაზე „არც შემოთავაზება, არც გადაწყვეტილება“ არ ყოფილა. „წინასწარ ამ თემებზე საუბარი სწორი არ მგონია“, – აღნიშნა მან.
მან ასევე უარყო რიჟენკოვის შეფასება, თითქოს მინსკის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბების კუთხით.
„ბელარუსის მხარე ამ შეხვედრების მხარე არ არის და არ აქვს ამ შეხვედრების შინაარსზე და შედეგებზე ინფორმაცია, არც შედეგების შეფასება შეუძლია ვინმეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. „შესაბამისად, შეხვედრების საჭიროება თუ გაგრძელება მხარეების გადასაწყვეტია და არა იმათი, ვისაც არ აქვს არანაირი როლი ამ შემთხვევაში ამ შეხვედრების შინაარსში და შეხვედრების გამართვაში“.
აღიარა რა ბელარუსის როლი მინსკის შეხვედრის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შემდგომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეთანხმება არ მიღწეულა.
„შეხვედრების გაგრძელებაზე, შემდგომ ნაბიჯებზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს და თუკი იქნება შემდგომი შეხვედრის საჭიროება, მხარეები განიხილავენ, სად ჯობია იმ კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, სად იქნება შეხვედრა“, – განაცხადა მან. ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა მინსკი პრაღას ქართულ-რუსული მოლაპარაკებების გამართვის ადგილად, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მუდმივ ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
26 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრები შესაძლოა გაიმართოს როგორც მოსკოვში, ისე თბილისში. მისი თქმით, ამ ორ დედაქალაქში მოლაპარაკებების გამართვა ზიანს არ მიაყენებს საქართველოს პოლიტიკას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები, შეიძლება, რა თქმა უნდა, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც, უბრალოდ, თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ფორმატი არ უნდა შეიცავდეს რაიმე რისკს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
„მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის აღიარების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით“, – განაცხადა მან. „მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს“.
