ნახევარი მილიონი დაღუპული რუსი სამხედრო და სუიციდის შემთხვევები - რუსეთის ომის ფასი
სულ მცირე, ნახევარი მილიონი დაღუპული სამხედრო მოსამსახურე და ათასობით სუიციდის შემთხვევა - ეს რიცხვები, რომელსაც მოსკოვი საკუთარ მოსახლეობას უმალავს, „როსტატის“ - რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზის ჰაკერული თავდასხმის წყალობით გასაჯაროვდა და აჩვენებს, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოებულ ომში, საშუალოდ, ყოველ 5 წუთში ერთი რუსი სამხედრო იღუპება.
მონაცემები რუსული დამოუკიდებელი მედიის ხელში აღმოჩნდა - მონაცემთა ბაზის კიბერშეტევაზე კი პასუხისმგებელია დაჯგუფება „ბელარუსის კიბერპარტიზანების“ რამდენიმე ჰაკერი.
ამ „ელექტრონული შეღწევის“ შედეგად, ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს ციფრული დოკუმენტბრუნვის სისტემასა და სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც შეიცავს სტატისტიკურ, ეკონომიკურ და პერსონალურ მონაცემებს, ასევე აღწერების მასალებს - სულ დაახლოებით 23 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაციას.
2022 წლის თებერვლიდან 2026 წლის აგვისტომდე რეგისტრირებული გარდაცვალების ოფიციალური მოწმობების თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, სულ მცირე, 490 ათასს შეადგენს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გათვალისწინებით, საუბარი შეიძლება იყოს 700 ათასზე მეტი ჯარისკაცისა და ოფიცრის შესახებ. კერძოდ, გამოცემა „მედუზა“, რომელმაც მონაცემები გადაამოწმა და გამოიყენა მათემატიკასა და ეპიდემიოლოგიაში აპრობირებული მოდელი, პირდაპირ მიუთითებს, რომ კრემლის შეუქცევადი დანაკარგები, სულ მცირე, 720 000 ადამიანს შეადგენს.
ამასთან, გამოცემა აზუსტებს, რომ მხოლოდ „როსსტატის“ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა ომში. კერძოდ, მონაცემთა ბაზა არ მოიცავს იმ დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა გარდაცვალებაც ამ დრომდე ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული.
რუსი სამხედროების აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ დაახლოებით 92%, უკრაინასთან ომში აფეთქებებისა და ნამსხვრევების შედეგად იღუპება. მკვლევართა ჯგუფის, გამოცემა „ვაჟნიე ისტორიას“ მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ შემთხვევების 1,3%-ში ხდება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები.
თავად კრემლი არ აქვეყნებს და არც აღიარებს უკრაინის ან მესამე მხარეების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დანაკარგების შესახებ გავრცელებულ მონაცემებს. პუტინის ხელისუფლება ასაიდუმლოებს ოფიციალურ სტატისტიკას, ზღუდავს მკვლევრებისა და ჟურნალისტების წვდომას მონაცემთა ბაზებზე და დევნის იმ პირებს, რომლებიც დანაკარგების დამოუკიდებელ აღრიცხვას აწარმოებენ.
ბუნებრივია, მრავალრიცხოვანი მსხვერპლი არის უკრაინელთა მხარესაც, რისი ზუსტი მონაცემებიც არ საჯაროვდება და რთული გადასამოწმებელია, თუმცა ექსპერტები მიუთითებენ, რომ რუსეთის მხარეს მებრძოლთა სტატისტიკაში დაღუპულთა მაღალი მაჩვენებელი ძირითადად მიუთითებს სამხედროების გამოუცდელობაზე.
საგულისხმოა ისიც, რომ, მაგალითად, BBC-ის დაკვირვებით, რუსული არმია თვეების განმავლობაში ახდენს მცირე უკრაინული დასახლებული პუნქტების შტურმს, რასაც ათასობით სამხედრო ეწირება.
ბრიტანული მაუწყებლის რუსული რედაქციის თანახმად, 7 უკრაინულ ოლქში მოსკოვმა იმაზე რამდენჯერმე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე ამ დასახლებების მოსახლეობის რაოდენობა იყო.
ამის მიუხედავად, რუსი მაღალჩინოსნები მაინც ეთანხმებიან ომის გაგრძელებას ნებისმიერ ფასად. 11 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ, რომელიც აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოსკოვის დელეგაციის წარმომადგენელი იყო, გაიმეორა ზუსტად იგივე, რაც 2025 წლის ივნისში, პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ვლადიმერ პუტინმა თქვა:
„არსებობს ერთი ასეთი არა გამოთქმა და არც იგავ-არაკი, არამედ უძველესი წესი - იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია“.
ამ ფონზე, სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა მომდევნო 3 წლის ფედერაციული ბიუჯეტი, სადაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი თავდაცვის სექტორის დანახარჯები. ანალიტიკოსების აზრით, ეს მორიგ ჯერზე მიანიშნებს, რომ მოსკოვი არ გეგმავს დათანხმდეს სამშვიდობო მოწოდებებს.
„ყველაფერი, რაც აუცილებელია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა მხარდასაჭერად და თავად ოპერაციის გასაგრძელებლად, ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ამასთანავე, ბიუჯეტი მოიცავს ქვეყნის განვითარების საჭიროებებსა და შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფასაც - ქვეყანამ განვითარება უნდა განაგრძოს.
ჩვენ შევძელით ამ რთული ამოცანების გადაჭრა ასეთ რთულ პერიოდში. შესაბამისად, ამ ბიუჯეტის მიღებას არავინ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ.
მთავრობის ოპტიმიზმისგან ბევრად განსხვავებულია მოსკოვში მცხოვრები ზოგიერთი მოქალაქის პოზიცია:
„ვითარება კვლავ უცვლელია: ადგილობრივი წარმოება, ფაქტობრივად, კვდება, მცირე და საშუალო ბიზნესი კი გაკოტრების პირასაა. იმედი არაფრის უნდა გვქონდეს“.
ამავე დროს, პუტინი უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს რუსული ენერგოობიექტების მიზანმიმართულ განადგურებაში, რასაც კიევი არ უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არის პასუხი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვისთვის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი აგრძელებს ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმებს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მოწოდებებისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი თხოვნისა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, კიევის ხელისუფლებამ ეს რჩევა უგულებელყო. ყველაფერი ისე გრძელდება, თითქოს არაფერი მომხდარა. ამასთან დაკავშირებით, უნდა განვაცხადო, რომ ჩვენი მხრიდან საპასუხო ზომების მიღება გარდაუვალია. ეს ყველამ უნდა იცოდეს.
ჩვენი მხრივ, აღვნიშნავთ და სრულად გვესმის, რომ მოწინააღმდეგის მიერ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში წამოწყებულმა ესკალაციამ, რომელიც საჯაროდ 40 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ჩვენთვის რაიმე კრიტიკული ზიანის მიყენება ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, ვთავაზობ, დღეს განვიხილოთ, რა დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უსაფრთხოების გაძლიერებისა და იქ მომუშავე პერსონალის დაცვის მიზნით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 5,8 ტრილიონი რუბლი, ანუ 72 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის 50%-ით აღემატება და უკვე გადახედილ საპროგნოზო მაჩვენებელსაც აჭარბებს.
მთავრობამ წარადგინა წინადადება სამთო-მომპოვებელი კომპანიებისთვის 20%-დან 30%-მდე ოდენობის ერთჯერადი გადასახადის დაწესების შესახებ. ეს კომპანიები გასული წლიდან მოყოლებული ფასების ზრდით სარგებლობენ.
კიდევ ერთი ღონისძიება ითვალისწინებს საპროცენტო შემოსავლებზე, დივიდენდებსა და ქონების გაყიდვით მიღებულ თანხებზე უფრო მაღალი, 13%-დან 22%-მდე განაკვეთების დაწესებას.