
ყაველაშვილი აგვისტოს ომზე: ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი
"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქვეყანას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს გაერთიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
"დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს ჩვენს სამშობლოს, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, სხვადასხვა ეპოქებში ჩვენ გვყავდა გამორჩეული გმირები, რომლებიც მაგალითი იყვნენ საზოგადოების და ჩვენი აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი.
ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, უთანასწორო ბრძოლაში არც თუ ისე მცირე ნაწილია ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვლილი და მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. ამ დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები.
სამწუხაროდ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ დღეს როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, ქვეყანას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს გაერთიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა და ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ, ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგება და ერთიან სახელმწიფოში გავაგრძელოთ ურთიერთთანაცხოვრება, მშვიდობიანად და ქვეყანა განვავითაროთ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც სახელმწიფოს აქვს. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს ვუწვდით ხელს და გვჯერა, რომ მათშიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ, რადგან თუნდაც აზრი ჩვენს რეალობაში, ან ვირტუალურშიც თუ გინდათ, არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია.
მსოფლიოში ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე არასდროს დაუშვებს, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს გარეშე იყოს, ეს აქსიომაა. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვაშენებდით სახელმწიფოს, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად. საერთო ღირებულებები გვაქვს, ბევრი ოჯახია შერეული ჩვენი ერების, აქედან გამომდინარე ის, რომ პოზიტიურად უნდა გადავწყვიტოთ, ეს ტრაგიკული დღეები, ეს ჩვენი მიზანია და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი აუცილებლად შედგება, საქართველო გაერთიანებდა და ყველა ღირსეულად იქნება წარმოჩენილი", - თქვა ყაველაშვილმა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge