
უკრაინის საქმეთა რწმუნებული ქართველებს მხარდაჭერისა და საბრძოლო ძმობისთვის მადლობას უხდის
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დმიტრო ბერეჟნიმ ქართველ საზოგადოებასა და ფრონტზე მყოფ ქართველ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორ ერს შორის არსებულ „საბრძოლო ძმობასა“ და მტკიცე სოლიდარობას.
თავის სტატიაში — „საერთო ბრძოლა საერთო მომავლისთვის: ისტორიული გამარჯვებიდან თავისუფალი ერების გაუტეხელ კავშირამდე“, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩომ გაავრცელა, ბერეჟნი აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის ყველაზე რთულ პირველ დღეებში, უკრაინელი მეომრების მხარდამხარ მეგობრული ქვეყნების მოხალისეები დადგნენ, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ვაჟებსა და ქალებს უკავიათ.
დიპლომატი წერს, რომ დღეს ბევრი ქართველი მებრძოლი უკრაინის თავდაცვის ძალების რიგებში იარაღით ხელში იცავს უკრაინის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბერეჟნის თქმით, რუსეთის აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამოცდილებით, საქართველოს ხალხს ისე, როგორც არავის, ესმის უკრაინელების ტკივილი. იგი დასძენს, რომ ფრონტის ხაზზე წყდება არა მხოლოდ უკრაინის მომავალი, არამედ იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ხაზი, რომლის შედეგზეც პირდაპირ არის დამოკიდებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალიც.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge