
უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ - Netgazeti
19-20 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და 168 დრონის გამოყენებით. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევის ოლქი იყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 186 საჰაერო საშუალება ჩამოაგდო.
ამის შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, 19 აგვისტოს, 18:00 საათიდან, რუსებმა კიევის ოლქს შეუტიეს „ონიქსის“, „ცირკონისა“ და „ისკანდერ-მ“-ის რაკეტებით, ასევე S-400 სისტემებიდან გასროლილი რაკეტებით, რომლებიც სამიზნეებს ბალისტიკური ტრაექტორიით უახლოვდებიან.
კიდევ 36 Kh-101, Iskander-K და Kh-59 ტიპის ფრთოსანი და საავიაციო რაკეტა გაუშვეს რუსეთის ვოლოგდის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საჰაერო სივრციდან.
რვა „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა ქალაქ ნოვოროსიისკის ტერიტორიიდან გაუშვეს. რუსულმა ძალებმა ასევე გამოიყენეს ორი „ბანდეროლის“ ტიპის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა (კამიკაძე-დრონი).
გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინას შეუტია 168 „შაჰედის“ და „გერბერას“ ტიპის დამრტყმელი დრონებითა და „პაროდიას“ ტიპის სატყუარა დრონებით. გაშვებული „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატების თითქმის ნახევარი რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევის ოლქი იყო.
“საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა, უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა. მტრის საჰაერო იარაღის დარტყმები დაფიქსირდა 28 ლოკაციაზე, ხოლო ჩამოგდებული იარაღის ნამსხვრევები 2 ლოკაციაზე ჩამოვარდა.“
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. დაზიანდა შენობა და ბავშვთა საავადმყოფო, გაჩნდა ხანძარი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 12 და დაშავდა 34 ადამიანი.
21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა დედაქალაქზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო.
კიევის ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ. სახელმწიფო დაწესებულებებს, კერძო კომპანიებსა და ორგანიზაციებს ასევე ეთხოვათ ეროვნული დროშების დაშვება.
21 აგვისტოს დედაქალაქში ასევე აიკრძალება ყველა გასართობი ღონისძიება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge