
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოში უკრაინის საელჩომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, დმიტრო ბერეჟნოის საავტორო სტატია გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ერთობლივი ბრძოლა საერთო მომავლისთვის: ისტორიული გამარჯვებიდან თავისუფალი ერების ურყევ კავშირამდე“. დიპლომატმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლებისა და იმ ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში იარაღით ხელში იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს.
ბერეჟნოიმ ხაზი გაუსვა ორ ერს შორის არსებულ „იარაღთ დაძმობილებასა“ და საერთო გამოწვევებს:
„საკუთარ თავზე გამოცდილი რუსული აგრესიისა და საკუთარი მიწების ოკუპაციის გამო, ქართველ ხალხს, როგორც არავის, ისე ესმის უკრაინის ტკივილი და აცნობიერებს, რომ დღეს ხარკოვის, ზაპორიჟიისა თუ ხერსონის ოლქებში არა მხოლოდ უკრაინის მომავალი წყდება — იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო მიჯნა, რომლის შედეგზეც პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალიც.“
სტატიაში დიპლომატმა ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ გაწეული მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინელი ლტოლვილების მიღება და სკოლებში უკრაინული სექტორების გახსნა. მან დარწმუნება გამოთქვა, რომ ორი ხალხის ერთობლივი ბრძოლა ტერიტორიების სრული დეოკუპაციითა და სამართლიანი მშვიდობის დამყარებით დასრულდება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge