
ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
ტრამპის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.
ტრამპი აღნიშნავს, რომ საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების შედეგად, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის, რეკორდულად და სწრაფად შემცირდება", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.
მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს რომ ტრამპს სურდა უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge