
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მოვუწოდებ ოცნებას, უკან გაიწვიოს სარჩელი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი ქართული ოცნების მიერ პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ეს მცდელობა და "დაუბრუნდნენ დემოკრატიის გზას".
"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესით, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. პოლიტიკური კონკურენციის გადაწყვეტა არჩევნების გზითა და ღია დემოკრატიული დებატებით უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებით მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული სასამართლო პროცესების საშუალებით", - წერს ის.
ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა "განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს" და ქართულ ოცნებას "პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის" შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა გახდეს ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ მტერს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. საქართველომ, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ და ევროპის საბჭოს წევრმა, ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს", - წერს ის.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge