
"ოცნების საწარმო შევიძინეთ" - უნიფორმების მწარმოებელი "არტე" ფართოვდება
ბრენდირებული უნიფორმებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „არტე“ წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გიგინეიშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აცხადებს, რომ კომპანიამ ახალი საწარმო შეიძინა, რომელიც თბილისში, საბურთალოზე მდებარეობს.
„არტეს“ დამფუძნებელი ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს და განმარტავს, რომ კომპანიამ თავისი პროექტები მოზიდული გრანტებით განახორციელა. ნინო გიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი საწარმო მათ წარმადობას მინიმუმ 150%-ით გაზრდის.
"ვფიქრობთ, ინვესტიციების მოსაზიდად კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ შეიქმნას ისევე ისეთი თანამედროვე ხარისხზე ორიენტირებული საწარმო სივრცე, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება და უფრო მეტი გრანტის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ახალ საწარმოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში თბილისში თანამედროვედ აღჭურვილ საწარმოს გახსნიან.
"შევიძინეთ ჩვენი ოცნების საწარმო. ეს ბიზნესი რეალურად ნულიდან დავიწყეთ და დღეს უკვე საკუთარ საწარმოზე ვსაუბრობთ. დიდი საწარმო შევიძინეთ და ახლა მისი თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ვართ. ვფიქრობთ, დაახლოებით 4-5 თვეში ჩვენი მიმართულება თბილისში, საბურთალოზე, თანამედროვედ მოწყობილი იქნება. გარდა ამისა, საწარმოში აკადემიას გავხსნით, სადაც მსურველებს შევასწავლით პროფესიას და ადგილზე გადავამზადებთ. შესაბამის კანდიდატებს კი ადგილზევე დავასაქმებთ. ვფიქრობთ, მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფები შეიქმნება", - აცხადებს ნინო გიგინეიშვილი.
მისივე თქმით, ახალი საწარმო კომპანიას სამუშაო პროცესების გამარტივების, შეკვეთების უფრო სწრაფად შესრულებისა და წარმოებაში ენერგოეფექტური დანადგარების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს. გაფართოება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასაც ითვალისწინებს.
"ფაქტობრივად ყოველთვიურად გვემატება ახალი თანამშრომელი. გაზრდილი სივრცე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი დავასაქმოთ. ეს სივრცე საშუალო კატეგორიის საწარმოზეა გათვლილი და ვფიქრობ, პირველ ეტაპზე მასშტაბურად დავიმატებთ თანამშრომლებს. შემდეგ უკვე საჭიროებიდან გამომდინარე გვსურს, რომ ჩვენი აკადემია შევქმნათ, გადავამზადოთ თანამშრომლები და მათ ჩვენს სივრცეში დასაქმების შესაძლებლობა მივცეთ. ამით ხელს შევუწყობთ დასაქმების პროცესს", - აღნიშნა ნინო გიგინეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბრენდირებული უნიფორმებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „არტე“ ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა.
BM.GE
წყარო: bm.ge