
RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილის მიხედვით, ივანიშვილი საქართველოს მედიაგარემოზე გავლენას ბიზნესიმპერიისა და გავლენის ქსელის მეშვეობით ახდენს.
RSF-ის შეფასებით, მედიაზე კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენება ეკონომიკური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივანიშვილის გავლენა განსაკუთრებით პრო-სამთავრობო ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ მეშვეობით ვლინდება.
2026 წლის ანგარიშში RSF საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზეა.
ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის 2026 წლის შეფასებაში რამდენიმე საკითხს გამოყოფს, მათ შორის:
დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას -უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ასევე უარი ითქვა ვადამდე გათავისუფლებაზე; ახალი რეპრესიული კანონების მიღებას, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას საფრთხეს უქმნის; მაუწყებლობის მარეგულირებლის გამოყენებას ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელეკომპანიების, მათ შორის „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დასასჯელად- მათთვის ხელისუფლების კრიტიკისას გარკვეული გამონათქვამების გამოყენების აკრძალვით; ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დავებისა და სანქციების ზრდას, ასევე პარლამენტში მათი აკრედიტაციის შეზღუდვას.
RSF-ის პროფილში ასევე მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის სექტემბრის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა ჯანმრთელია, მედია დამოუკიდებელია, ხოლო ბიზნესი ხელშეუხებელი.
ორგანიზაცია ივანიშვილს მილიარდერ ოლიგარქად, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრად და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების უკან მდგომ რეალურ ძალად რჩება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge