
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "დროა" იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად არის მიჩნეული.
იმავე სიაში შეიყვანეს ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ჩარლზ კეტერინგის ფონდი".
მანამდე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართული ოპოზიციური პარტია "დროას" საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად გამოაცხადა.
მათი თქმით, პარტია რუსოფობიურ შეხედულებებს იზიარებს.
"დროას წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო რეგულაციების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას.
ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი", - თქვეს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge