დღეს სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის მსხვერპლია, ამას უკვე კობახიძის ემისარიც აღიარებს, რომელიც თურმე გაოგნებულია, თუმცა, უფრო გამაოგნებელი ისაა, რომ ის რუსეთისგან ეკონომიკურ შანტაჟს არ ელოდა - გრიგოლ გეგელია
სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება - პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს, რომ რეჟიმი კაპიტულაციის ახალ ფაზას ამზადებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება. ზახაროვას, ზატულინისა და შოიგუს შემდეგ, ამ რეჟიმს დღეს უკვე აქებს სერგეი ლავროვიც, რომელიც ღიად გამოთქვამს პირდაპირი დიალოგის სურვილს.
პარალელურად, კობახიძის ემისარი ხვდება გალუზინს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპაციის კანონი. რა სურს ლავროვს? კადრი, რომელშიც დასავლეთთან დაპირისპირებული საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის გარეშე, პირისპირ ჯდება მოსალაპარაკებლად ოკუპანტ რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე, მათ შორის, არც დეოკუპაციაზე, მოლაპარაკებას არ აპირებს.
დასავლეთის გარეშე რუსეთთან პირისპირ დარჩენილი საქართველო სუსტი და მოწყვლადია და სწორედ ესაა კრემლისა და „ქართული ოცნების“ საერთო მიზანი. ამითვე აიხსნება ოფიციალური წარმომადგენლის ჩასვლა მინსკში - რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში.
პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს, რომ რეჟიმი კაპიტულაციის ახალ ფაზას ამზადებს. იხსნება მედიატორის გარეშე ე.წ. მოლაპარაკებები მაშინ, როცა რუსეთს დეოკუპაციის იოტისოდენა სურვილიც არ გამოუთქვამს.
პირიქით, მოსკოვმა პროაქტიულად აამუშავა ოკუპაციის კანონი, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად პირველად დასვა საკუთარი მოქალაქე და შემოაბრუნა ნეიტრალიტეტისა და კონფედერაციის პირობებში ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა აღდგენის იდეა.
საქართველოს მოქალაქეებო, სწორედ ესაა სახელმწიფოს საბოლოო ღალატისა და დასამარების სცენარი და ერთადერთი კაპიტულანტური შეთავაზება, რაც რუსეთს ჩვენს მიმართ აქვს. მაშ, რატომ შეიძლება რომელიმე ჭკუასუსტმა გადაწყვიტოს რუსეთთან პირისპირ დაჯდომა - მინსკში ან მოსკოვში - რეგიონულ უსაფრთხოებასა თუ ეროვნულ ინტერესზე სასაუბროდ? ძაღლის თავი სწორედ აქ მარხია.
წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა პოლიტიკამ მკვეთრად გაზარდა ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე. დღეს სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის პირდაპირი მსხვერპლია. ამას უკვე კობახიძის ემისარიც აღიარებს, რომელიც თურმე გაოგნებულია, თუმცა, უფრო გამაოგნებელი ისაა, რომ ის რუსეთისგან ეკონომიკურ შანტაჟს არ ელოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაულოცა შანტაჟის ეს ბერკეტები რუსეთს:
ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში გადის;
იმპორტირებული ხორბლის თითქმის 92%, ფქვილის 98.5% და მზესუმზირის ზეთის 70%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა;
რუსული ბუნებრივი გაზის მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა, მისმა წილმა კი გაზმომარაგებაში 27.9%-ს მიაღწია;
2026 წლის პირველ ნახევარში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 40.5% რუსეთზე მოდიოდა.
დღეს საქართველო ამ დამოკიდებულების უმძიმეს ფასს იხდის. ამავე დროს, გვმართავს სუსტი, მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელიც დაუპირისპირდა ყველა პარტნიორს და ახლა გეგმავს რუსეთთან პირისპირ დაჯდეს შანტაჟითა და ძალმომრეობით განმსჭვალულ ე.წ. მოლაპარაკებებში, რასაც ქვეყნისთვის უმძიმესი ფასი ექნება,“ - განაცხადა გეგელიამ.
ცნობისათვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკა.
ზურაბაშვილის თქმით, რუსულმა მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.
მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.
„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანიაა დასანქცირებული რუსეთის მიერ და კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან სამი რამ, რაც იყო ხარისხთან მიმართებით. მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე იყო – ისინი არიან დაკავებულები ანტირუსული ნარატივით", - განაცხადა ზურაბაშვილმა.
