ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები - კობახიძე
ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, მეტი ქვეყანა არ არსებობს, მოლდოვას ხომ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რატომ არავინ ეუბნება რომ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, დიდ გულზე არავინ არ უნდა იყოს საქართველოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
„როდესაც საუბრობ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, ბუნებრივია, ვერ აერიდები რეგიონულ კონტექსტს, აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა, ეს ყოველთვის განიხილებოდა და ამ შემთხვევაშიც იქნა განხილული. ეს ყოველთვის იყო ორმხრივი ფორმატი. ჟენევის ფორმატი იყო სხვა ფორმატი, დღესაც ნარჩუნდება და იქ არიან ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, რაც შეეხება ჯერ აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ახლა ზურაბაშვილი-გალუზინის ფორმატს, ეს არის სრულიად სხვა ფორმატი, აქ არარელევანტურია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.
დიპლომატიური ურთიერთობები პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ორმხრივად დამყარებული ოფიციალურად ასეთი ურთიერთობა. ორ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან საელჩოები და დიპლომატიური ურთიერთობები თავისი ყველა ატრიბუტით, თავისი შესაბამისი ტექნიკური, თუ არატექნიკური მხარით. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ერთი რამეც მინდა, გაგახსენოთ დიდ გულზე რომ არიან კონკრეტული ქვეყნები, კონკრეტული სახელმწიფოები, ორად ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები, არ ვთვლი ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ზოგადად არ ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, იშვიათად ამყარებენ სხვა ქვეყნებთან, ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, მეტი ქვეყანა არ არსებობს. ასეთ ფონზე დიდ გულზე არიან. მოლდოვას ხომ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რატომ არავინ ეუბნება მოლდოვას, რომ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. დიდ გულზე არავინ არ უნდა იყოს საქართველოსთან. 500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც შემიძლია გავიმეორო, რომ ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
