რუსები ახალი მასირებული დარტყმისთვის მზადებას ასრულებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებენ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე კვლავ ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ასევე ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ 26 ნოემბერს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო თათბირის შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, რუსები უკვე ასრულებენ ახალ მასირებულ დარტყმაზე მზადებას და, დაზვერვის მონაცემებით, სამიზნე კვლავ ენერგეტიკა და ლოგისტიკა, ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები იქნება.
ველოდები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შედეგებზე. Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის გადამჭერი რაკეტების მიღება მთავარი ამოცანაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამჟამად ენერგეტიკის მიმართულებით განსაკუთრებით რთული ვითარებაა დნიპროში, დნიპროპეტროვსკის ოლქის დნიპროვსკის რაიონსა და პავლოჰრადში.
„სარემონტო სამუშაოებში ყველა საჭირო ძალაა ჩართული. ასევე აღვნიშნავ ოდესასა და ოდესის ოლქში, ხარკივის ოლქში, კონოტოპსა და მთლიანად სუმის ოლქში მიმდინარე სამუშაოებს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სარეზერვო აღჭურვილობა, სარემონტო ბრიგადები პროფესიონალურად მუშაობენ და სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
