ომი ხმელთაშუა ზღვაში არ უნდა გავრცელდეს - ჯორჯია მელონი
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შესაძლოა ხმელთაშუა ზღვაზეც გავრცელდეს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში განაცხადა.
მელონის განცხადება უკრაინის მიერ გასულ კვირას ლიბიის ტერიტორიულ წყლებში რუსული სამხედრო გემის ჩაძირვას მოჰყვა.
„ომი ხმელთაშუა ზღვაში არ შეიძლება და არ უნდა გავრცელდეს“, - განაცხადა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, იტალია ამ პოზიციას უკრაინულ მხარესთან დიალოგისას მკაფიოდ დააფიქსირებს.
„ვფიქრობ, ამ საკითხში ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა გვქონდეს ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და ასევე ჩვენს პარტნიორებთან. ამასთან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას თავდაცვის გაგრძელებაში კვლავ დავეხმაროთ“, - აღნიშნა მელონიმ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, იტალიის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ლიბიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს, მელონიმ უპასუხა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი რესურსების საკითხს ამ თავდასხმებთან არ დააკავშირებდა.
„ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკისთან ურთიერთობაში აქამდეც მკაფიო პოზიცია მქონდა და მომავალშიც ასე გავაგრძელებ“, - დასძინა მელონიმ.
