ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა სახელმწიფო ინსტიტუტს მიაღებინოს დოკუმენტი, რომლითაც ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს უკვე არა პოლიტიკური რიტორიკის, არამედ სამართლებრივ დონეზე დააბრალებს - ელენე ხოშტარია
ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა, შეასრულოს ის, რაც რუსეთმა 18 წლის განმავლობაში ვერ შეასრულა - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტს მიაღებინოს უმაღლესი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, რომლითაც ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს უკვე არა პოლიტიკური რიტორიკის, არამედ სამართლებრივ დონეზე დააბრალებს, - ამის შესახებ ნათქცამია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილში, რომელიც მისი "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება.
"საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესში ყველაზე მძიმე საქართველოსთვის 2008 წლის ომის დაწყების დაბრალებაა. “რუსული ოცნების” რეჟიმი ცდილობს:
1. მაქსიმალურად დაუკარგოს მნიშვნელობა ომის თემას და ეს მოსამართლეების ხელით გააკეთოს. სასამართლო ისე იქცევა, თითქოს “ქართული ოცნების“ სარჩელში ეს ყველაფერი საერთოდ არ წერია;
2. შეფუთონ და შენიღბონ სამშობლოს ღალატის ეს აქტი. თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, როგორმე მიჩქმალონ ომის ნაწილი, რომ თავიდან აირიდონ საზოგადოების დიდი პროტესტი.
მათი მიზანია, მაქსიმალურად გააქრონ პირდაპირი ეთერიდან ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელია და სწორედ ასეთია საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალება.
თუ სასამართლო ამ საკითხს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის პირდაპირი საფრთხეა, დეტალურად განიხილავს, ეს აუცილებლად გამოიწვევს დიდ მღელვარებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც კი. საკონსტიტუციოს სხდომებს ისინიც უყურებენ და ჩვენი ისტორიული მიწების მტრისთვის მირთმევას არც ისინი შეარჩენენ ივანიშვილს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რუსულმა რეჟიმმა ეს საკითხი პირდაპირი ეთერიდან საერთოდაც გააქროს.
დღემდე, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ყველა სამართლებრივი დავა წააგო. სიმართლე ისაა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა, შეასრულოს ის, რაც რუსეთმა 18 წლის განმავლობაში ვერ შეასრულა - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტს მიაღებინოს უმაღლესი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, რომლითაც ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს უკვე არა პოლიტიკური რიტორიკის, არამედ სამართლებრივ დონეზე დააბრალებს.
ჩვენ გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება ამ საკითხის შესახებ. ამ მომენტში, ეს ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს. ბევრი უნდა ვწეროთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. რაც მთავარია, გავაპროტესტოთ და წინ აღვუდგეთ ამ რუსულ გეგმას, რისი შესაძლებლობაც ორ დღეში, 28 ნოემბერს გვექნება.
28 ნოემბერს, საღამოს 19:00-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კიდევ ერთხელ გამოვა ქართული საზოგადოება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად", - წერს ელენე ხოშტარია.
