რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, უკრაინა კი თავს იცავს, ეს კანონიერია, თუმცა კონფლიქტის გეოგრაფიული გაფართოება არ უნდა დავუშვათ - იოჰან ვადეფული
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთთან კონფლიქტის გეოგრაფიული გაფართოებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ მან ბერლინში, რუმინელ კოლეგასთან, დან ნიკულესკუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მედიის ცნობით, ვადეფულის განცხადება ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში რუსულ გემებზე უკრაინის ბოლო თავდასხმებს უკავშირდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის უფლება აქვს და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მხარს უჭერს.
„თუმცა კატეგორიულად გავაფრთხილებდი, რომ არ დავუშვათ ამ კონფლიქტის გეოგრაფიული გაფართოება“, - განაცხადა ვადეფულმა.
კრიტიკის მიუხედავად, ვადეფული არაერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინას მხარს უჭერს.
„რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, უკრაინა კი თავს იცავს. ვიდრე ის სამხედრო სამიზნეებს უტევს, ეს კანონიერია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა სწორედ ასე მოქმედებს, მათ შორის ბალტიის ზღვაშიც.
„თუმცა კონფლიქტის ესკალაციას მხარს ვერ დავუჭერ. ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს კონფლიქტი და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ესკალაცია. ასევე, არ უნდა დავუშვათ ბალტიის ზღვის რეგიონში საფრთხის შექმნა საზღვაო ნაოსნობისა და გარემოსთვის. სწორედ ამიტომ ამ საკითხზე ამჟამად ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმაც გააფრთხილა მხარეები ხმელთაშუა ზღვაში ომის გავრცელების საფრთხის შესახებ. მან ეს განცხადება ლიბიის პორტ ბენღაზში რუსულ გემებზე უკრაინის თავდასხმების კომენტირებისას გააკეთა.
„ომი ხმელთაშუა ზღვაში არ შეიძლება და არ უნდა გავრცელდეს“, - განაცხადა მელონიმ.
შეგახსენებთ, კვირას უკრაინამ საზღვაო დრონებით ლიბიის სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში, რუსეთის გემემზე იერიში მიიტანა.
