მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას - თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ბურჰანეთინ დურანი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ის აცხადებს, რომ გმობს თურქი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის ჩარევას გმობს.
„მკაცრად ვგმობ ბათუმში, საქართველოში, "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას. თანაგრძნობას ვუცხადებ "ბეშიქთაშის" საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ამ მოვლენების შედეგად დაზარალდნენ.
ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა სოლიდარობის გზავნილებით, თავად ბეშიქთაშმა კი - მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ ბეშიქთაშის დიდ ოჯახს“, - ნათქვამია დურანის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას” შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართა. როგორც უეფა-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
