ტრამპი და ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის ომის გაფართოებისკენ მიმართული მოქმედებებისგან თავი შეიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთს მოუწოდეს, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა უკრაინაში ომის გაფართოება გამოიწვიოს. ამის შესახებ მათ ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომელიც ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ირანში მიმდინარე ომის საკითხიც განიხილეს.
როგორც Reuters-ი იუწყება, შეხვედრა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც „რესპუბლიკელმა“ ლიდერმა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ამერიკის დასავლელი მოკავშირეების კრიტიკის ობიექტი, გასულ კვირას აზიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. ტრამპმა ორივე მათგანს „მეგობარი“ უწოდა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთმა თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი მოქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიეთ ომის გაფართოებას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვანია ომის რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობიანი გზით დასრულება“, - ნათქვამია ტრამპისა და რუტეს ერთობლივ განცხადებაში.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრას აშშ-ში „დემოკრატი“ ოპონენტებისა და ევროპის მოკავშირეების კრიტიკა მოჰყვა. ევროპელი ლიდერები ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართვას მოითხოვენ, რომელთა მიზანიც უკრაინაში ომის დასრულებაა.
რუტე, რომელიც არაერთხელ შეეცადა ნატოს შიგნით დაძაბულობის განმუხტვასა და ტრამპთან ურთიერთობის შენარჩუნებას, მანამდე აცხადებდა, რომ ორი მსხვილი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა.
ერთობლივი განცხადების თანახმად, ტრამპმა და რუტემ ასევე განიხილეს თავდაცვის ხარჯებისა და ინვესტიციების გაზრდის საკითხი როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ნატოს მასშტაბით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია იყო. თუმცა, მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ირანთან დაკავშირებით.
