ბექა ვაჭარაძე: ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში - „ბიზნესის დღე 2026“ მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ბექა ვაჭარაძემ, ეკონომიკური განვითარების კორპორაციის დირექტორ ირაკლი გაბრიაძესთან ერთად, ფოთისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ილაპარაკა.
„ბიზნესის დღე 2026“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის, სამომავლო შესაძლებლობების განხილვისა და ახალი თანამშრომლობის საკითხების გამოკვეთისთვის.
შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის ფონზე, ფოთის სტრატეგიული მდებარეობა, საპორტო, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქალაქს მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ეკონომიკური განვითარების კორპორაციის საკუთრება გახდა. ეს ქალაქისთვის ახალი საინვესტიციო და საწარმოო შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ქალაქის ზღვისკენ შემობრუნება და მისი უნიკალური ტურისტული, სპორტული და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება.
ჩვენი ხედვაა, ახალი გენერალური გეგმის საფუძველზე ფოთი ჩამოყალიბდეს თანამედროვე საპორტო, საწარმოო და ლოგისტიკურ ცენტრად, პარალელურად კი განვითარდეს როგორც მიმზიდველი ტურისტული ქალაქი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფოთის როლი როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა რეგიონში ბიზნესკავშირების გაძლიერებას, ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.
