Reuters: საფრანგეთის ეკონომიკა რეცესიაშია - მესამე კვარტალში მშპ მოსალოდნელზე მეტად შემცირდა
საფრანგეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში პროგნოზირებულზე მეტად შემცირდა და ქვეყანა ტექნიკურად რეცესიაში აღმოჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (INSEE) საბოლოო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა კვარტალთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა. თავდაპირველი შეფასებით, კლება 0.1% იყო.
INSEE-მ მეორე კვარტალის მონაცემებიც მცირედით შეასწორა და ზრდის მაჩვენებელი, 0%-ის ნაცვლად, 0.02%-ით შეაფასა. შესაბამისად, გასული წლის ბოლოდან საფრანგეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ყოველ კვარტალში უარყოფითი ან ნულთან მიახლოებული იყო. ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში ეკონომიკური კლების დადასტურება კი, ეკონომისტების ზოგადი განმარტებით, ტექნიკური რეცესიის კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
მესამე კვარტალის მოსალოდნელზე სუსტმა შედეგმა საფრანგეთის მთავრობას საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების ამოცანა კიდევ უფრო გაურთულა. ამასთან, პრაქტიკულად მიუღწეველი ხდება მთავრობის მიზანი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა წელს 0.5%-ით უნდა გაიზარდოს.
უმცირესობაში მყოფ მთავრობას პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაც უჭირს. გეგმა ითვალისწინებს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას მიმდინარე წლის მშპ-ის 5,4%-დან მომდევნო წელს 5%-მდე. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ხუთი თვე რჩება, რაც პოლიტიკურ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს, - წერს Reuters-ი.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომლის დეფიციტის 5%-იანი სამიზნე მაჩვენებელი არ ექვემდებარება გადახედვას. აუცილებელია, რომ ეკონომიკურ სუბიექტებს პროგნოზირებადობა დავუბრუნოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა როლან ლესკიურმა INSEE-ის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
სტატისტიკური სამსახურის ანგარიშის თანახმად, მესამე კვარტალში ეკონომიკური სისუსტე ნაწილობრივ შიდა მოთხოვნის სტაგნაციამ განაპირობა. მომხმარებელთა დანახარჯები 0,3%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ბიზნესინვესტიციების 0,8%-იანი შემცირებით დაბალანსდა.
კომპანიების მარაგების შევსებამ მშპ-ის ზრდას 0,3 პროცენტული პუნქტი შემატა. წინა კვარტალში მარაგების შემცირებამ ეკონომიკურ მაჩვენებელზე, პირიქით, 0,7 პროცენტული პუნქტით უარყოფითად იმოქმედა.
ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საგარეო ვაჭრობამაც მოახდინა: ექსპორტი 1,6%-ით შემცირდა, იმპორტი კი 0,1%-ით გაიზარდა. შედეგად, საგარეო ვაჭრობამ მშპ-ის მაჩვენებელი 0,6 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მეოთხე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა ზომიერ ზრდას აჩვენებდა.
