ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის შემდეგ ნატოს ავიაგამანადგურებლები ჰაერში აფრინდნენ
ლატვიის საჰაერო სივრცეში, რუსეთის საზღვართან ახლოს უცნობი დრონის ხანმოკლე შეჭრის შემდეგ ნატოს ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. ინფორმაციას ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
სამხედროების განცხადებით, დრონი აღმოსავლეთ ლატვიაში, ლუძის მუნიციპალიტეტში, საზღვრის სიახლოვეს შენიშნეს. მან მცირე ხნით ლატვიის საჰაერო სივრცეშიც შეაღწია.
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით ღამის 02:30 საათზე ლუძის მუნიციპალიტეტში საჰაერო საფრთხე გამოცხადდა, მოსახლეობამ კი განგაშის ნარინჯისფერი შეტყობინება მიიღო. განგაშის ეს დონე დადასტურებულ საფრთხეს ნიშნავს და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
საფრთხის შესახებ გაფრთხილება 02:55 საათზე გაუქმდა, რის შემდეგაც მეზობელ ბალვის მუნიციპალიტეტში ყვითელი დონის გაფრთხილება გამოცხადდა. ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს გაფრთხილება დაახლოებით 03:30 საათზე დასრულდა.
„ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის ნატოს მისიის ფარგლებში ავიაგამანადგურებლები ჰაერში აფრინდნენ“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.
