სერბეთის სტუდენტურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო კანდიდატად ქიმიის პროფესორი რადომირ საიჩიჩი წარადგინა
სერბეთის სტუდენტურმა მოძრაობამ 27 დეკემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად ცნობილი ქიმიკოსი, პროფესორი და აკადემიკოსი რადომირ საიჩიჩი წარადგინა. მისი კანდიდატურის დასახელება მოულოდნელი არ ყოფილა - საიჩიჩი თავიდანვე მოიაზრებოდა ერთ-ერთ მთავარ ფიგურად, რომელსაც საპრეზიდენტო რბოლაში სტუდენტების წარმოდგენა შეეძლო.
თუმცა, ის რადიკალურად განსხვავდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში დომინირებდნენ სერბეთის პოლიტიკურ სცენაზე. ღრმად მორწმუნე, გამორჩეულად მშვიდი და თავშეკავებული საიჩიჩი აკადემიურ და პროფესიულ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. იგი არ არის ტრადიციული პოლიტიკოსი და არც საჯარო ყურადღების მიპყრობითა თუ პოლიტიკური კონფრონტაციებით გამოირჩევა. მისი რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო მიღწევებს, პიროვნულ წესიერებასა და კოლეგების პატივისცემას ეფუძნება. სწორედ ეს აქცევს მას მიმზიდველ არჩევნად მოძრაობისთვის, რომელიც საკუთარ თავს ქვეყნის დამკვიდრებული პოლიტიკური ელიტის ალტერნატივად წარმოაჩენს.
„მოძრაობაში იმ რწმენით შევედი, რომ ხელისუფლების ცვლილებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მას თან ახლავს ღირებულებათა სისტემის ცვლილებაც, მათ შორის იმისა, თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ დავიცავ სუვერენულ სერბეთს, სადაც კონსტიტუციას პატივს სცემენ და თითოეულ მოქალაქეს ღირსეულად ცხოვრება შეუძლია“, - განაცხადა საიჩიჩმა.
მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებს არ გასცდება და სხვა საჯარო მოხელეებისგანაც ანალოგიურ ანგარიშვალდებულებას მოითხოვს.
