საოპერო სამყაროს ლეგენდა პლასიდო დომინგო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე - მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბარიტონმა გიორგი გაგნიძემ 55 წლის იუბილე საოპერო სცენის ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო გალა კონცერტით აღნიშნა
კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს და თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავი საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინსიტროს ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს მაესტრო პლასიდო დომინგო და ვასილ კოვალი დირიჟორობდნენ. ცნობილი საოპერო არიები შეასრულეს გიორგი გაგნიძემ, ლიუდმილა მონასტირსკამ, მარიამ გაგნიძემ, ვალერიან მჭედლიძემ და რამო გულედანმა.
საიუბილეო გალა კონცერტს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია დაესწრნენ.
საქველმოქმედო გალა კონცერტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდაჭერას მიეძღვნა.
