
ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ
ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.
მისი თქმით, უნგრეთში ეს არავის მოსწონს.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს კი მუდამ დავიცავთ. ბევრს სურს, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალოს, ამ ძალებს უნგრეთის სათავეში ისეთი ხელისუფლება სურთ, რომელიც მზად იქნება ბრიუსელის ბიუროკრატიის ნება სურვილი აღასრულოს. ეს ეხება როგორც უკრაინის ომს, ასევე საიმიგრაციო პოლიტიკას, ეგრეთწოდებულ გენდერის პოლიტიკას და განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკის პოლიტიკას. ბოლო რამდენიმე კვირაა, წინასაარჩევნო კამპანიისას, მთავარი საკითხი პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უნგრეთისთვის მოწყობილი ენერგო ბლოკადაა” - განაცხადა ლასლომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ბრიუსელი უნგრეთის შიდა პოლიტიკაში ერევა.
„ევროკომისიას მილიარდობით ევრო აქვს დაბლოკილი - ის თანხა რომელიც უნგრეთის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ევროკავშირის საბიუჯეტო შეთანხმების მიხედვით, ეს უნგრეთის ფულია, სწორედ ბუდაპეშტმა უნდა დახარჯოს ეს თანხა ინვესტიციებში. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც ერევა ბრიუსელი ჩვენს შიდა საქმეებში უკვე, რა ხანია. ჩვენს წინააღმდეგ მათ საჩივარიც კი შეიტანეს, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ უკანონო მიგრანტების მიღებაზე. ჩვენ უარს ვაცხადებთ ეგრეთწოდებული გენდერული იდეოლოგიით ბავშვების აღზრდაზეც და მათ ვიცავთ, ამ მიზეზითაც გვიჩივლა ბრიუსელმა”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მან უნგრეთში მემარცხენე მედიასა და ორგანიზაციებისთვის ევრო ბიუროკრატიის მიერ მილიონობით ევროს დახარჯვაზეც ისაუბრა.
„ამავე დროს კი იგივე ბიუროკრატია მილიონობით ევროს ხარჯავს მემარცხენე მედიაში, ორგანიზაციებში უნგრეთის მასშტაბით, სწორედ იმავე წრეებში, რომელთაც აქამდე USAID და ბაიდენის ადმინისტრაცია აფინანსებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული და ევროპული მემარცხენე ძალები მეტად ერეოდნენ 2022 წელის არჩევნებში, ამჯერად უკვე ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავებულად იქცევა - მათ USAID დახურეს და მისი პროექტები გააუქმეს უნგრეთში, მაგრამ მათი ადგილი ევროკავშირმა დაიკავა და ცდილობს, გავლენა მოახდინოს უნგრულ საზოგადოებასა და უნგრელ ამომრჩეველზე”, - აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.
იმედი
წყარო: imedinews.ge