არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი - ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა

არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი - ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა

იმედი|imedinews.ge

მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს, განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა ხოლმე ჩვენი ემიგრანტების მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ემიგრანტებმა განსაკუთრებულად შეიყვარეს პატრიარქი და უწმინდესიც საქართველოში ყოველ ჩამოსვლაზე ეკითხებოდა მას ემიგრანტების მდგომარეობის შესახებ.

„უკვე მეოცე წელია, ბარსელონაში ვარ, მისმა უწმინდესობამ გამიშვა ჩვენს ეპარქიაში და როდესაც ჩამოვიდოდი, ყოველთვის მეკითხებოდა, როგორ არიან ჩვენი ემიგრანტებიო, მეუბნებოდა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დაანახეო. მას არავინ ავიწყდებოდა, მაგრამ ემიგრანტებზე რომ ზრუნავდა, ეს ყველგან ჩანდა.

ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა. დღეს ჩამოვედი ბარსელონიდან და რომ მოვდიოდი, ერთი ადამიანი მეუბნებოდა, დედაც გარდამეცვალა და მამაც, მაგრამ როდესაც ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა, დღეს ვიგრძენი, ნამდვილი ობლობა რა არისო. როგორ მწარე რეალობაა ამ სიტყვებში.

გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ყველას ზეციური მეოხი შეგვემატა ზეციურ საქართველოში მთელი ცხოვრება ჩვენზე ფიქრობდა, მთელს ერზე. მამა შალვა კეკელიამ თქვა, რომ ჩამოდნა და ჩამოიღვენთა ჩვენი პატრიარქიო და ჩამოიღვენთა თითოეული ჩვენგანისათვის. ყველასთვის მლოცველი და ყველაზე მზრუნველი იყო და თუ აქ, ამ ცხოვრებაში ასეთი იყო ფიზიკურად, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დიდი შემწე და მეოხი გვეყოლება ზეციურ საქართველოში. ეს არის დღეს ჩვენი ნუგეში და აქეთ უნდა მივმართოთ ეს ტკივილიც, ეს მწუხარებაც. ღმერთისკენ უფრო მეტად უნდა გავაგრძელოთ გზა.

მეუფე აბრაამის კურთხევით, ჩვენი ეპარქიიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, ბევრმა ვერ შეძლო ჩამოსვლა, ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოდან, მაგრამ მათ აქვთ ერთი თხოვნა და დანაბარები - დაემშვიდობეთ ჩვენს მაგივრად პატრიარქს და უთხარით, რომ ძალიან გვიყვარს და ძალიან განვიცდით ამ ყველაფერს, ილოცოს ჩვენთვის, შეავედრეთ ჩვენი თავი, რომ შეგვეწიოს პატრიარქი ზეციური საქართველოდან“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია