ანდრია ჯაღმაიძე: სხვადასხვა ეკლესიიდან 200-ამდე დელეგატს ველოდებით - სამძიმარი მოგვდის არა მხოლოდ მართლმადიდებლებისგან, არამედ სხვა რელიგიური საზოგადოებისგანაც და ეს ხაზს უსვამს, რომ პატრიარქის მსახურება იყო კაცთმოყვარეობაზე

ანდრია ჯაღმაიძე: სხვადასხვა ეკლესიიდან 200-ამდე დელეგატს ველოდებით - სამძიმარი მოგვდის არა მხოლოდ მართლმადიდებლებისგან, არამედ სხვა რელიგიური საზოგადოებისგანაც და ეს ხაზს უსვამს, რომ პატრიარქის მსახურება იყო კაცთმოყვარეობაზე

იმედი|imedinews.ge

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამების ტაძარში ხვალ ლიტურგია დილის 09:00 საათზე დაიწყება.

„დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყება წესის აგების მსახურება. ამ დროს ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, სხვა დელეგაციის წევრები და ვფიქრობთ, რომ 15:00 საათისთვის აქედან დაიწყება გადასვენების ცერემონია, გზა, რომელსაც პატრიარქი უკანასკნელად გაივლის სამების ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე. მარშრუტი იქნება იგივე, როცა პატრიარქი საპატრიარქოდან სამების ტაძარში ამოასვენეს.

მნიშვნელოვანია, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალ პატრიარქის დაკრძალვაზე არაერთი უმაღლესი სასულიერო პირი ჩამოვა.

„სხვადასხვა ეკლესიიდან 200-ამდე დელეგატს ველოდებით. სამძიმარი მოგვდის არა მხოლოდ მართლმადიდებლებისგან, არამედ სხვა რელიგიური საზოგადოებისგანაც და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ მისი მსახურება იყო კაცთმოყვარეობაზე და ეს კაცთმოყვარეობა სწვდებოდა ყველას“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია