
ნუკრი შოშიაშვილი 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებზე: მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ, ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ ამას
მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ, ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ ამას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების მიერ მოწყობილ პროვოკაციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გაცილებით მოგებული იქნებოდა ოპოზიცია, რომ ასეთ დღეს პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინა.
„გაერთიანების შემდეგ, რაც პატრიარქი გარდაიცვალა და საზოგადოება გაერთიანდა, ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში იყო განწყობა, რომ რაღაც წინააღმდეგობები გადაილახა და არსებობს ბევრი საერთო, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური განსხვავებები გვქონდა. ადამიანებს გვყავდა საერთო ავტორიტეტი და ერთსულოვნება ერმა აჩვენა. რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ნაწილი უნდა გადასულიყო ამ მომენტზე. მაგრამ რადგან რაღაც ჯგუფებში არსებობს რევოლუციური სქემა, ისინი ახლა აფიქსირებენ სწორედ იმ დღესასწაულებს, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების თუ იდეოლოგიის ადამიანების. ამას ჰქონდა მიზანმიმართული პოლიტიკური აქციის სახე, რათა ერთსულოვნება ქართული საზოგადოების იყოს დაყოფილი და იყოს მუდმივი მტრობა და ესკალაცია.
არსებობს, რაღაც სივრცეები ყველა საზოგადოებაში, არსებობს მაგალითად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც „რესპუბლიკელებიც“, „დემოკრატებიც“ ერთად აღნიშნავენ. არსებობს რაღაც დღეები ყველა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური განსხვავებულობების მიუხედავად ადამიანები აღნიშნავენ და ერთად დგანან. ამას ძალიან დიდი სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ყველა საზოგადოებისთვის. ის, რომ სპეციალურად იწვევენ ამ წინააღმდეგობას, ნიშნავს, რომ მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის სიტუაციაში გვამყოფებენ. ნათელი გახდა, რომ ამას მცირე ჯგუფები აკეთებენ. საბოლოო ჯამში ეს არის იმისკენ მიმართული, რომ იყოს ცივი სამოქალაქო ომის ატმოსფერო. ატმოსფეროს შესაქმნელად აკეთებენ. სხვა მიზანი მათ არ აქვთ.
ამის საპირისპირო იქნებოდა, რომ დემონსტრაციულად პოლიტიკური ოპონენტები ერთად მისულიყვნენ. ერთად ეთქვათ, რომ არსებობს საერთო ეროვნული ინტერესები. კი, არსებობს პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ არსებობს საერთო ეროვნული ინტერესები, ეს ინტერესები დაკავშირებული არის იმ ბრძოლასთან, რა ბრძოლაც 9 აპრილს გამოიარა, დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის და ეს ინტერესები დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებთან. ასეთი რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ოპოზიცია უფრო მოიგებდა ამით, ვიდრე პირიქით“, - განაცხადა ნუკრი შოშიაშვილმა.
ცნობისთვის, 9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს. ისინი ცდილობდნენ სახელისუფლებო გუნდის წევრების მიერ მიტანილი გვირგვინები გაენადგურებინათ.
ასევე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.
მანამდე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა, რომლებიც „ქრონიკას“ ინტერვიუს აძლევდნენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge