
აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ტექსტი, რომელიც ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TIME-ი ავრცელებს.
1. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით, ამერიკის შეერთებული შტატები, ირანის ისლამური რესპუბლიკა და მიმდინარე ომში მათი მოკავშირეები აცხადებენ სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და სამუდამო შეწყვეტის შესახებ ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და იღებენ ვალდებულებას, ამიერიდან არ წამოიწყონ არანაირი ომი ან სამხედრო ოპერაცია ერთმანეთის წინააღმდეგ, თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან და უზრუნველყონ ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ომის სამუდამო შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და ამ პუნქტის სხვა დებულებებს.
2. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავი შეიკავონ ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან.
3. ამერიკის შეერთებული შტატები და ირანის ისლამური რესპუბლიკა იღებენ ვალდებულებას, აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღეში; ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორმხრივი თანხმობით.
4. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს საზღვაო ბლოკადის, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სახის დაბრკოლების გაუქმებას და სრულად შეწყვეტს საზღვაო ბლოკადას 30 დღის ვადაში. ამ პერიოდში გემების მიმოსვლა აღდგება ომამდელი ტრაფიკის პროპორციულად ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმებიდან 30 დღის ვადაში გაიყვანოს თავისი ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკის სიახლოვიდან.
5. ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა უზრუნველყოს კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილება საფასურის გარეშე 60 დღის განმავლობაში, მხოლოდ სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე და პირიქით. კომერციული გემების მიმოსვლა დაუყოვნებლივ დაიწყება და, ტექნიკური და სამხედრო დაბრკოლებების აღმოფხვრისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ნაღმების გაწმენდის აუცილებლობის გათვალისწინებით, სრულად ამოქმედდება 30 დღის ვადაში. ირანის ისლამური რესპუბლიკა გამართავს დიალოგს ომანის სასულთნოსთან ჰორმუზის სრუტეში მომავალი ადმინისტრირებისა და საზღვაო მომსახურების განსაზღვრის მიზნით, სპარსეთის ყურის სხვა სანაპირო სახელმწიფოებთან კონსულტაციების გზით, მოქმედი საერთაშორისო სამართლისა და ჰორმუზის სრუტის სანაპირო სახელმწიფოების სუვერენული უფლებების შესაბამისად.

