
Berliner Zeitung: კორუფციული სკანდალი მაია სანდუს ოჯახის გარშემო - შეუქმნის თუ არა ეს საქმე საფრთხეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს?
მაშინ, როდესაც მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აწარმოებს, პრეზიდენტ მაია სანდუს ნათესავებთან დაკავშირებულმა კორუფციულმა სკანდალმა თანამდებობიდან გადადგომების ტალღა გამოიწვია, - წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung.
გამოცემის ინფორმაციით, ამ საქმის ცენტრშია ბრალდებები სავარაუდოდ გაყალბებული რეზიუმეების (CV) და სახელმწიფო საჰაერო მოძრაობის მართვის სააგენტო MoldATSA-ში არაპროპორციულად მაღალი ხელფასების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სანდუ სკანდალში უშუალოდ არ ფიგურირებს, მასზე პოლიტიკური ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქმეში მისი ორი ნათესავი აღმოჩნდა ჩართული. ეს მოვლენები იმ პერიოდში განვითარდა, როდესაც მოლდოვამ ევროკავშირთან გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო.
18 ივნისს გაზეთმა Ziarul de Gardă გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუმიტრუ ვანგელი, რომელიც იმ დროს MoldATSA-ის დირექტორი იყო, სამსახურში განაცხადის შეტანისას, საკუთარ ბიოგრაფიაში სავარაუდოდ, ყალბ მონაცემებს უთითებდა. ის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად 2025 წელს დაინიშნა. ამავე გამოძიების ფარგლებში ყურადღების ცენტრში მოექცა ანასტასია ტაბურჩეანუ, MoldATSA-ის პრესსპიკერი და პრეზიდენტ სანდუს ბიძაშვილი.
ხუთი დღის შემდეგ საგამოძიებო ორგანიზაცია RISE Moldova-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ტაბურჩეანუს საჰაერო მოძრაობის მართვის სააგენტოში პრესსპიკერად მუშაობის პერიოდში, ერთ წელზე ნაკლებ დროში, თვეში დაახლოებით 6 000 ევრო ჰქონდა მიღებული. ეს თანხა მოლდოვაში საშუალო თვიურ ხელფასს დაახლოებით რვაჯერ აღემატებოდა. ამის შემდეგ ტაბურჩეანუმ Facebook-ზე საკუთარი გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
ორი დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა სანდუს კიდევ ერთმა ბიძაშვილმა, ტატიანა ბატინმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს ადმინისტრაციის უფროსი იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე, კონსტანტინ ბატინი, ლატვიელი ბიზნესმენის, მარკს ბლატსის, ბიზნესპარტნიორი იყო. ბლატსი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება და მას ბრალად ედება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიას მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით ამარაგებდა.
