
Bloomberg: სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი ომამდელ პერიოდთან შედარებით 2/3-ით აღდგა
სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტმა ომამდელი მოცულობის დაახლოებით 2/3-ს მიაღწია, რაც ირანის ომის გავლენას ნავთობის გლობალურ ფასებზე ამცირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ორგანიზაცია Goldman Sachs Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების, მათ შორის დან სტრუვენისა და იულია ჟესტკოვა გრიგსბის შეფასებით, რეგიონიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთო ექსპორტი დღეში 15-16 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილების ზრდაა.
ანალიტიკოსების ცნობით, ეს მაჩვენებელი კონფლიქტამდე არსებულ დონეს დღეში დაახლოებით 7-8 მილიონი ბარელით ჩამორჩება, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება მარტში დაფიქსირებულ მინიმუმს, როდესაც ექსპორტის მოცულობა დღეში მხოლოდ 5-6 მილიონ ბარელს შეადგენდა.
Goldman Sachs-ის შეფასებით, მხოლოდ ჰორმუზის სრუტით ნავთობის ტრანზიტის მოცულობა, სავარაუდოდ, დღეში 8-10 მილიონ ბარელს უახლოვდება. ეს მაჩვენებელი შეესაბამება აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებებს.
„სპეციალიზებული გადამზიდავების მიერ ფარული გადაზიდვების და გემიდან გემზე გადატანის ზრდა აჩვენებს, რომ მწარმოებლები და გადამზიდავები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან ადაპტირდებიან“, - აცხადებენ Goldman Sachs-ში.
ორგანიზაციის შეფასებით, ფარული გადაზიდვების ზრდამ შესაძლოა შეაფერხოს ნედლი ნავთობის ფასების შემდგომი მატება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლო აღმოსავლეთში მიწოდების შეფერხებები უფრო დიდხანს გაგრძელდება.
ჰორმუზის სრუტით ნავთობის რა მოცულობა გადის, ზუსტად განსაზღვრა რთულია, რადგან ტანკერები ხშირად თიშავენ სატელიტურ გადამცემებს, რათა მათი ადგილმდებარეობის დადგენა გართულდეს. ამ პრაქტიკას „ჩრდილში გადასვლას“ (going dark) უწოდებენ, წერს Bloomberg-ი.
ექსპორტის აღდგენა ხელს უწყობს ნავთობის გლობალური ფასების შეკავებას. ნედლი ნავთობის ფასი ამჟამად დაახლოებით 89 დოლარია ბარელზე, მაშინ როდესაც აპრილში ის 120 დოლარს აჭარბებდა, აღნიშნულია სტატიაში.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურიდან ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის გატანა კვლავ ხერხდება, თხევადი ბუნებრივი აირისა და გადამუშავებული საწვავის ნაკადები უფრო დაბალ დონეზეა.
„ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ხანგრძლივი შეფერხებების სცენარის შემთხვევაში, ევროპული ბუნებრივი აირისა და გადავადებული მიწოდების ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის პოტენციალი ნედლი ნავთობის ფასებთან შედარებით უფრო მაღალია“, - აცხადებენ Goldman Sachs-ში.
იმედი
წყარო: imedinews.ge