
ეკა სეფაშვილი: რაც არ უნდა გვეძახონ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, ან ევროპულ გზას გადავუხვიეთ, ჩვენ ზუსტად ისე ვჭირდებით ევროპას, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მისი განცხადებით, სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რაც გლობალური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია.
„ეს სამიტი, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე მერვედ იმართება და მასზე ევროპული ქვეყნების ლიდერები მსჯელობენ მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე. ნიშანდობლივია, რომ ამჯერად ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს, თუმცა ასევე დაყენებული იყო უსაფრთხოების საკითხები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოება.
მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიო გახვეულია ცეცხლის ალში და ენერგეტიკული უსაფრთხოება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ საკითხზე იყო სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული. საქართველო, რა თქმა უნდა, იყო ამ სამიტის მონაწილე, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ფართო რეგიონის - კავკასიისა და ცენტრალური აზიის შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შავ ზღვასთან კავშირი ნიშნავს ევროკავშირთან დაკავშირებას, და აქ ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლითაც დაინტერესებულია ევროპა.
ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე კავკასიის რეგიონი ნავთობით მდიდარია, ვგულისხმობ აზერბაიჯანს, და სწორედ საქართველოს გავლით ხდება ამ ქვეყნების დაკავშირება ევროპის ქვეყნებთან ყველაზე მოკლე გზით - შავი ზღვის გავლით.
ნიშანდობლივია, რომ საქართველომ შესთავაზა ევროპას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს საქართველოს ტერიტორიიდან. ეს პროექტი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და, მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა (ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და სხვების განცხადებებისა საქართველოს წინააღმდეგ) და არასამართლიანი დამოკიდებულებისა - ევროკომისიამ ამ პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა.
