
Eurojust-ი საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას ეხმაურება
მსოფლიოს მასშტაბით, Eurojust-ისა და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგად, დაიხურა ვებგვერდი, რომელიც ეჭვმიტანილია 2022-2025 წლებში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 336 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში. Eurojust-ში ჩატარდა რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრა, საფრანგეთში, პოლონეთში, საქართველოსა და ისლანდიაში სამართალდამცავი ღონისძიებების აღსრულების მოსამზადებლად, რაც განხორციელდა Eurojust-ში პოლონეთისა და საფრანგეთის ეროვნული განყოფილებების, აგრეთვე აშშ-ის, საქართველოსა და ისლანდიის მეკავშირე პროკურორების მხარდაჭერით, - ასე ეხმაურება Eurojust-ი საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას. სტატიის ქართულ ენაზე თარგმანს საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც Eurojust-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, საქართველოს მეკავშირე განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან 10 ივნისს დაგეგმილი ოპერაციის დღის მოსამზადებლად.
„მსოფლიოს მასშტაბით, Eurojust-ისა და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგად, დაიხურა ვებგვერდი, რომელიც ეჭვმიტანილია 2022-2025 წლებში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 336 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში.
ხსენებულ სერვისს, სახელწოდებით „AudiA6“, იყენებდნენ გამომძალველ პროგრამებთან (Ransomware) დაკავშირებულ კიბერდანაშაულებში ჩართული პირები მოპარული ციფრული აქტივების განაღდებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის უკანონო თანხების მოძრაობის დამალვის მიზნით.
სავარაუდოდ, ვებგვერდის უკან მდგომი დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა ცალკეულ კიბერდანაშაულებრივ ფორუმს „Dark2Web“, რომელიც წარმოადგენდა არალეგალური მომსახურების რეკლამირებისა და მთელ მსოფლიოში კიბერდანაშაულებრივი აქტორების ერთმანეთთან დასაკავშირებელ პლატფორმას.
