
Euronews: ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - ექსპერტები, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანის შესრულების გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო აგრესიის შესაკავებლად ევროპას 100 000-მდე სამხედროს სწრაფი მობილიზებისა და განლაგების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
როგორც Euronews-ი აღნიშნავს, ექსპერტები, თავის მხრივ, აღნიშნული ამოცანის შესრულების გზაზე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებენ.
ევროკავშირი გადაიარაღების პროცესს აჩქარებს და მილიარდობით ევროს მობილიზებას ახდენს, რათა 27-ვე წევრ ქვეყანას გარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აუცილებელი ფინანსური რესურსი მიაწოდოს.
თავდაცვითი დანახარჯების ამბიციური გეგმებისა და ნატოს მიერ გაზრდილი ვალდებულებების მიუხედავად, სექტორის ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროპის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ სამხედრო მოსამსახურეთა როგორც მოზიდვის, ისე კადრების შენარჩუნების კუთხით.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ გვჭირდება საკმარისი რაოდენობის ხალხი ამ ინვესტიციებთან გამასამკლავებლად“, - განაცხადა ემანუელ იაკობმა, სამხედრო ასოციაციებისა და პროფკავშირების ევროპული ორგანიზაციის (EUROMIL) პრეზიდენტმა.
იაკობის განმარტებით, პრობლემა ახალი არ არის, თუმცა დღეს საკითხის აქტუალურობამ და გადაუდებლობამ იმატა. ამ უპრეცედენტო სამხედრო გაძლიერებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის მასშტაბურ საჭიროებაზე თებერვალში ყურადღება ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმაც გაამახვილა.
„წარმოიდგინეთ 2030 წელი - პერიოდი, როდესაც, სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთი ნატოს სიმტკიცის გამოცდისთვის მზადყოფნასა და სურვილს გამოავლენს - და 100 000 რუსი სამხედრო ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან კონცენტრირდება. 100 000-იანი არმიის მობილიზაციისთვის ადეკვატური პასუხის გასაცემად, ჩვენც მსგავსი რაოდენობის ჯარისკაცებისა და ტექნიკის გადასროლა დაგვჭირდება, თანაც სწრაფად“, - აღნიშნა მან ვილნიუსში.
ვიდრე ევროკომისია ევროპის გადაიარაღების 800-მილიარდიან გეგმას წარადგენდა, ევროპარლამენტმა მანამდეც გაამახვილა ყურადღება სამხედრო პერსონალის დეფიციტზე. 2024 წელს მიღებულ ანგარიშში ევროპარლამენტარები აფრთხილებდნენ, რომ „ევროპის შეიარაღებულ ძალებს კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით მწვავე პრობლემები ექმნებათ“.
სამხედრო ასოციაციების ევროპული ორგანიზაციის (EUROMIL) მიერ 11 გაერთიანებას შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა საკუთარ ქვეყნებში შეიარაღებული ძალების შევსების პროცესს „პრობლემურად“ მიიჩნევს, ხოლო სამხედრო პერსონალის შენარჩუნების საკითხს - „პრობლემურად“ ან „კრიტიკულად“.
კვლევის თანახმად, სამხედრო პერსონალი სამსახურს ყველაზე ხშირად 10-წლიანი მსახურობის შემდეგ ტოვებს. სამხედრო სამსახურში კადრების მოზიდვის მთავარ ბარიერებს კერძო სექტორის მხრიდან კონკურენცია, დაბალი ანაზღაურება და მკაცრი ფიზიკური მოთხოვნები წარმოადგენს. ხოლო შეიარაღებული ძალების დატოვების მთავარ მიზეზებად დაბალი ხელფასი, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის დისბალანსი და არასახარბიელო სამუშაო პირობები სახელდება.
ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის (EUISS) დირექტორის, სტივენ ევერტსის შეფასებით, შეიარაღებულ ძალებში კადრების მოზიდვა და შენარჩუნება კომპლექსური პრობლემაა. „ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ყველა დგას და მის გადაჭრას ცდილობს“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge