
Financial Times: ესპანეთის საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გადავადებისკენ მოუწოდებს
ევროპის ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2027 წელს დაგეგმილი აკრძალვის ძალაში დატოვებამ შესაძლოა ევროპა აშშ-ზე ზედმეტად დამოკიდებული გახადოს, ამიტომ აკრძალვა უნდა გადავადდეს, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
ბილბაოს პორტის ხელმძღვანელმა, ივან ხიმენესმა განაცხადა, რომ რუსული გაზის იმპორტი უნდა შემცირდეს, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ „ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ“. მისი ეს გაფრთხილება იმ ფონზე ისმის, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის გამო, ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა.
ეს აკრძალვა, რომელიც 1-ლი იანვრიდან გავრცელდება თხევადი ბუნებრივი აირის კონტრაქტებზე, მიზნად ისახავს რუსული წიაღისეული საწვავის სრულად ჩანაცვლებას 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის საპასუხოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის გაზის ძირითადი წყარო ალჟირული გაზსადენებია, ესპანეთის გაზის ქსელის ოპერატორ „ენაგასის“ მონაცემებით, მაისში ესპანეთის გაზმომარაგების 27.8 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა, რაც 58.5 პროცენტით მეტია 2025 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით.
Financial Times-ის კითხვაზე, რომელიც რუსული გაზის მაღალ იმპორტს და მოახლოებულ აკრძალვას ეხებოდა, ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სარა ახესენ მუნიოსმა განაცხადა, რომ აკრძალვა დაგეგმილისამებრ უნდა ამოქმედდეს.
„იმპორტის ზრდა დროებითია და ჩვენ გვესმის, რომ ის უკავშირდება ლოგისტიკურ ოპერაციებს ცვალებად და ძალიან არასტაბილურ ფასების გარემოში“, - განაცხადა მინისტრმა. „თუმცა, დაჟინებით ვიმეორებ: დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია და 1-ლი იანვრიდან ევროპამ სრულად უნდა თქვას უარი რუსულ გაზზე“.
ხიმენესი, რომელიც ინდუსტრიის იმ მცირერიცხოვან წარმომადგენელთა შორისაა, ვინც დეკემბერში შეთანხმების მიღწევის შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკა ევროკავშირის აკრძალვა, აცხადებს, რომ გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა ეს ზომა სრულფასოვნად.
„ვფიქრობ, ახლა რუსეთიდან მომავალი გაზის შეწყვეტის დრო არ არის, რადგან ეს შეიძლება ძალიან პრობლემური საკითხი აღმოჩნდეს ევროკავშირისთვის“, - განაცხადა მან. „ჩვენ მეტი მდგრადობა გვჭირდება“.
„იმპორტიორები, სავარაუდოდ, შეეცდებიან, აკრძალვის ამოქმედებამდე რაც შეიძლება მეტი რაოდენობის გაზი შემოიტანონ“, - დასძინა ხიმენესმა. - „რუსული გაზის ხარისხი კარგია... რაც შეეხება ფასებს, ის ჩვეულებრივ უფრო იაფია, ვიდრე შეერთებული შტატებიდან მომავალი გაზი“.
ხიმენესმა განაცხადა, რომ ეჭვობს, დონალდ ტრამპი ევროკავშირზე ზეწოლას გააგრძელებს, რათა რუსულ გაზზე დაწესებული აკრძალვა შენარჩუნდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს ევროპაში ამერიკული გაზის ექსპორტის ზრდას.
„ბატონი ტრამპი ზეწოლას მოახდენს, რათა ეს აკრძალვა შენარჩუნდეს, თუმცა ვფიქრობ... ევროკავშირი უფრო ძლიერი უნდა იყოს და დაინახოს, თუ რა არის მისთვის სასიკეთო ამ მომენტში“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge