
გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „ქართულ-ებრაული ურთიერთობები - წარსული და თანამედროვეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „ქართულ-ებრაული ურთიერთობები - წარსული და თანამედროვეობა", რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენცია უნივერსიტეტში აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრის გახსნას მიეძღვნა.
გივი მიქანაძემ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების საპატიო სტუმარს, ქართველ-ებრაელ ინჟინერს, მწერალს, პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს აბრაამ საპირს ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართველებსა და ებრაელებს შორის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა აბრაამ საპირმა, რომელმაც ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ცენტრის გახსნისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის.
კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კონფერენციაზე აკადემიურ და სიღრმისეულ დონეზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ქუთაისელ ებრაელთა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ლექსიკა, ქართველ ებრაელთა მეტყველებაში არსებული ფრაზეოლოგიზმები, ებრაული კულტურის ხელახალი გააზრება და სამშობლოს თემა ქართველ ებრაელთა პოეზიაში.
აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობის ცენტრი წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და ებრაულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, დიასპორული კავშირების მოძიებასა და განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და თანამშრომლობის ახალ ფორმათა ჩამოყალიბებას.
ცენტრი, ქართულ და ებრაულ საზოგადოებებს შორის, მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანებს - მკვლევრებს, სტუდენტებს, დიასპორის წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს - გააერთიანებს.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge