
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებასთან უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების ეტაპები და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
„მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს რეგიონული უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლისთვის, უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განისაზღვრა.
ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი პროგრამების დამატებაზე, ინფრასტრუქტურისს და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ.
კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და კონფერენციის თავმჯდომარე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge