
გურამ დუმბაძე: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები მთლიანად პასუხობს საბაზრო პირობებს და ორი კომპონენტი, რაზეც კომპრომისი ვერ იქნება, არის ხარისხი და სამუშაოების ჩაბარების ვადები
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაწილში. შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ.
როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი და იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში.
„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ მონიტორინგის კომპონენტიც, ვინაიდან, როდესაც გააფორმებს ხელშეკრულებას ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, მას ასევე ექნება მონიტორინგის ფუნქცია. ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე ის აუცილებლად შეამოწმებს ხარისხობრივ კომპონენტებს, რომელსაც შეისყიდის აღნიშნული შესყიდვის ნაწილში. ეს არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესყიდვის მართვის კუთხით. ასევე საქართველოს მთავრობამ დღეს უკვე დაამტკიცა ახალი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკური რეგლამენტი. იზრდება ზედნადები ხარჯები სამშენებლო სამუშაოების ნაწილში. შემოვიდა და განისაზღვრა ახალი დანარიცხები, რომელიც მანამდე ასე ცალსახად არ იყო განსაზღვრული. ეს არის დროებითი შენობა-ნაგებობების დანარიცხები, სასაწყობე დანახარჯების სპეციალური დანარიცხები. ეს გახლავთ ასევე ზამთრის სამუშაო პირობებში დანარიცხები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი სამშენებლო პროცესის ეფექტიანი მართვისთვის. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მთლიანი სამშენებლო ციკლის, სამშენებლო სამუშაოების დაწყებული სატენდერო პროცედურიდან, დასრულებული სამუშაოების ჩაბარებამდე სრულად პასუხობს ყველაზე კარგი პრაქტიკის მაგალითებს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
