
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ეს იყო მონური სულის გამოვლინება.
„როგორი სანახავია თავმოყვარე ქვეყანაში, რომ ადამიანი პოლიტიკოსობას იბრალებს, გამოდის 4000 თუ 3000 კაცთან ერთად, დგას და რაღაც პერფორმანსებს უძღვნის - ჩვენც აქ ვართ და დაგვინახეთო. ახალგაზრდა თაობას აქვს სიტყვა - დაქრინჯვა, ეს არის საქციელი, როდესაც სხვის მაგივრად გრცხვენია. ნებისმიერი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ ასეთ პერფორმანსს და დამოკიდებულებას ღიად რომ ავლენენ, ნებისმიერ თავმოყვარე ადამიანს ალბათ ეუფლება გრძნობა, რომ მათ მაგივრად რცხვენია. ეს არის გამოვლინება მონური სულის, იმ სულისკვეთების, რომელი სულისკვეთებითაც ისინი მოქმედებდნენ 2012 წლამდე, რასაც მიჩვეულები არიან. მათ რომ უთხრა, რომ აი, თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რადგან უმრავლესობა მათგანი თავის ახალგაზრდობის წლებში სხვადასხვა ქვეყანაში კარგად გამოწვრთნილი, სისხლგამოცლილი აგენტია. მათი ნებისმიერი ქმედება ამორალურია და ვერ შეიძლება დაიჯერო, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს შეიძლება სამშობლოსთან ბმა ჰქონდეს“, - აღნიშნა მან.
კირცხალიამ ისაუბრა საქართველო აშშ-ის, ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზეც.
„რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მზად ვართ პარიტეტულ, ღირსეულ საწყისებზე, ახალი ფურცლით, ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე [ურთიერთობისთვის].
