
ირაკლი ნადარეიშვილი ჩინური ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს, ედისონ ჩენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა Trip.com Group-ის პოპულარულ ტურისტულ პლატფორმასთან Ctrip, კერძოდ, Ctrip - ზე ამოქმედდა საქართველოს გვერდი, რომლის მეშვეობითაც პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, ამავე სივრციდან განახორციელონ ფრენების, სასტუმროებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება/შეძენა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთზე, როგორც სტრატეგიულ ტურისტულ მიმართულებაზე და აქცენტი გააკეთა როგორც მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის მეტი ახალი პირდაპირი რეისის ამოქმედებაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კამპანიის მთავარი მიზანია ჩინეთის ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდა, პოტენციური მოგზაურების დაინტერესება და საბოლოოდ, საქართველოში მოგზაურობისა და ჯავშნების სტიმულირება. კამპანია 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. 2025 წლის განმავლობაში, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელდა 127,895 ვიზიტი, რაც 44%-იან ზრდას წარმოადგენს 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
იმედი
წყარო: imedinews.ge