
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: უმჯობესი იქნება, ერდოღანმა თურქეთის ეროვნულ ასამბლეაში გააგრძელოს ისრაელის წინააღმდეგ რეალობას მოწყვეტილი, ილუზორული რიტორიკა, ვიდრე ისრაელის მზაობა გამოსცადოს, დაიცვას საკუთარი თავი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მკაცრად გააფრთხილა - მან ერდოღანი თურქეთის „სირიაში სახიფათო ავანტიურებში“ ჩათრევაში დაადანაშაულა.
„ისრაელი არავის მისცემს უფლებას, საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას“, - დაწერა კაცმა პლატფორმა X-ზე. - „უმჯობესი იქნება, ერდოღანმა თურქეთის ეროვნულ ასამბლეაში გააგრძელოს ისრაელის წინააღმდეგ რეალობას მოწყვეტილი, ილუზორული რიტორიკა, ვიდრე ისრაელის მზაობა გამოსცადოს, დაიცვას საკუთარი თავი“.
ეს გაფრთხილება მოჰყვა ისრაელის მიერ სირიაში მდებარე აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე განხორციელებულ დარტყმას. გამწვავებულმა რიტორიკამ ვაშინგტონი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა - იგი ცდილობს განმუხტოს დაძაბულობა ნატოს წევრ თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში თავის უახლოეს პარტნიორ ისრაელს შორის. ისრაელის განცხადებით, სირია უსაფრთხოების შეთანხმების დარღვევის ზღვარზე იყო, როდესაც იქ თურქული ჯარების განლაგება დაუშვა, ანკარამ კი ისრაელის ვერსია უარყო.
სირიის განცხადებით, თურქეთის მუდმივი ბაზის შექმნა ან ჯარების განლაგება არ იგეგმებოდა, თუმცა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასაად ალ-შაიბანიმ დაადასტურა, რომ თურქი სამხედრო ოფიცრები ობიექტს წვრთნებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სტუმრობდნენ.
ამასთან, როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დარტყმამდე ან უშუალოდ დარტყმის დროს ბაზაზე თურქეთის არცერთი სამხედრო წარმომადგენელი არ იმყოფებოდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge