
აქციები კიევში ზელენსკის წინააღმდეგ - უკრაინელები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ
ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქი უკვე 32 დღეა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
უკრაინელები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. დემონსტრანტები ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ ხალხს მოუსმინოს. ადგილობრივები არაეფექტიან საკადრო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას სწორედ უკრაინის პრეზიდენტს აკისრებენ.
ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ზელენსკიმ ივნისში დაითხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა მიზეზად "სისტემური კონფლიქტი" და რთული ურთიერთობა დაასახელა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს უბრალო უთანხმოება კი არა, ზელენსკისთან დაახლოებულ წრეებს შორის არსებული განხეთქილების შედეგი იყო. მოგვიანებით სიმართლე ფედოროვმა პრესკონფერენციაზე გაამხილა. თქვა, რომ პოსტის დატოვება ოლექსანდრ სირსკისთან - შეიარაღებული ძალების იმდროინდელ მთავარსარდალთან არსებული დაპირისპირების გამო აიძულეს.
მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას ხალხი რომ ითხოვს, ეს გასაკვირი არცაა. ყოფილ მინისტრს ექსპერტები ხშირად ინოვატორად მოიხსენიებენ. მან უარი თქვა ომის ტრადიციულ, საფრონტო სტილზე. გააძლიერა უპილოტო საფრენი აპარატების სისტემა და, ცოცხალი ძალის დანაკარგის გარეშე, სამხედრო მოქმედებები ნაწილობრივ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა.
ქვეყანაში, სადაც მთავარი ფიგურა ზელენსკია, ის ხალხისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ლიდერად იქცა. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, ეს მისი პოლიტიკური კარიერის წარმატებულ მომავალზეც აისახებოდა.
ფედეროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები კიევის გარდა, ომში მყოფი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. სამხედრო მოქმედებებისა და ბომბების მუდმივი საშიშროების ფონზე, ხალხის სლოგანად სიტყვა "მოგვისმინეთ" იქცა. უკრაინელები, უკრაინის პრეზიდენტს მათი მოთხოვნის შესრულებას სთხოვენ, თავად ზელენსკი კი ამ დრომდე დუმილს არ არღვევს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge