
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ორივე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ორივე საქმე ეხება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ჯაშუშობას. დანაშაული რვიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ირაკლი ჩიხლაძე. არცერთი პუნქტი, რომელსაც ითვალისწინებს 314-ე მუხლი, ჯაშუშობა, არ დარღვეულა ირაკლი ჩიხლაძის მიერ. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.
რაც შეეხება გულბაათ რცხილაძეს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის ითანამშრომლოს ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
„მანამდე დაებარებინათ, გამოეკითხათ. დაკავების შემდეგ მან გამოიყენა დუმილის უფლება, ანუ ბრალი არ აღიარა. არ არის კონსპირაციული შეხვედრები. მისი საჯარო აქტივობების გარკვეული ჩანაწერებია, ვერ ვიტყვი დეტალურად რა ჩანაწერებია“, - აღნიშნა მან.
„ქრონიკის“ კითხვაზე, მინიშნებებით საუბრობდა, რომ შესაძლოა დაეკავებინათ, რატომ ჰქონდა ეს მოლოდინი, ადვოკატმა განაცხადა - „არ ვიცი, ეს მოლოდინი ჰქონდა, ვერ გეტყვით“.
იმედი
წყარო: imedinews.ge