
ლიკა შარტავა: 26 მაისი გვახსენებს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, დამოუკიდებლობა კი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება, დაცვა და მომავალ თაობებზე ღირსეულად გადაცემა სჭირდება
არის თარიღები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილად არ რჩება - ისინი ერის ხასიათად, მეხსიერებად და პასუხისმგებლობად იქცევა. 26 მაისი სწორედ ასეთი დღეა საქართველოსთვის. დღე, რომელიც თითოეულ ქართველს გვახსენებს, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. 26 მაისი არის დღე, რომელიც აერთიანებს თაობებს, ტკივილსა და იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე გვაკისრია, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლიკა შარტავამ.
მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში საქართველო იბრძოდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა, სარწმუნოება, ენა, კულტურა და თავისუფლება. „ჩვენი წინაპრები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ იმ ღირებულებებს, რომლებიც დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენი უახლესი ისტორია გვახსენებს იმასაც, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყანას ხშირად შიგნიდან ექმნება. საქართველოს ახსოვს მძიმე წლები, როდესაც სისხლიანი რეჟიმი ზღუდავდა თავისუფლებას, თელავდა ადამიანის ღირსებას და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაესუსტებინა ის ეროვნული ღირებულებები, რომელსაც ჩვენი გმირი წინაპრები საკუთარი სისხლის ფასად იცავდნენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. როგორც ლიკა შარტავამ აღნიშნა, სწორედ ამ მძიმე მმართველობის პერიოდში ჩვენი ქვეყანა უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოჩნდა, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, ათასობით ოჯახმა კი საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება. „ეს იყო ტრაგედია, რომელმაც თითოეული მოქალაქის გულში დატოვა კვალი და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას არასწორი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დაყენებული ძალაუფლება. დღეს კი სწორედ ამ რეჟიმის წარმომადგენლები გამოდიან და ბედავენ, ახალგაზრდებს მიგვითითონ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო, რას ნიშნავს პატრიოტიზმი — მაშინ, როდესაც თავად წლების განმავლობაში საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდებოდნენ, შიშსა და ძალადობაზე აგებდნენ მმართველობას, ხოლო თავისუფლების იდეას პოლიტიკური ანგარიშსწორებით ანაცვლებდნენ. და დღეს, ცდილობენ საკუთარ სახელმწიფოსა და იმ მომავალ თაობას, რომლის სახელითაც ასე ხშირად საუბრობენ, შეზღუდვები დაუწესონ. ამისთვის კი, ტყუილებით შეკრულ ნარატივებს ევროპიდან ამერიკაში და ამერიკიდან ევროპაში დაატარებენ, თუმცა ავიწყდებათ ყველაზე მთავარი — ვინ თუ არა ახალგაზრდებმა იციან, თუ რას ნიშნავს თავისუფლება. სწორედ ახალ თაობას აქვს ყველაზე მკაფიო განცდა იმისა, რომ სამშობლოს სიყვარული ძალადობით არ იზომება, პატრიოტიზმი კი — აგრესიით. ახალგაზრდებმა კარგად იციან, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთხელ მოპოვებული ისტორიული ფაქტი არ არის — ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა, რომელიც დაცვას, გონიერებასა და ეროვნული ინტერესების ერთგულებას საჭიროებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ლიკა შარტავას განცხადებით, დღეს სხვადასხვა გარე ძალები ჩარევებითა და დეზინფორმაციით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ისტორია გააუფასურონ, ეროვნული ღირებულებები დააკნინონ და საზოგადოებაში დაპირისპირება გააღრმავონ. „მაგრამ საქართველო ყოველთვის იდგა და იდგება საკუთარი ღირსების, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ეს ქვეყანა არაერთხელ გადაურჩა ბევრად მძიმე განსაცდელს, რადგან ქართველი ხალხის მთავარი ძალა ყოველთვის ერთიანობა, ისტორიული მეხსიერება და სამშობლოს სიყვარული იყო. 26 მაისი სწორედ ამას გვახსენებს — რომ თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, დამოუკიდებლობა კი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება, დაცვა და მომავალ თაობებზე ღირსეულად გადაცემა სჭირდება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge