
მაჭარაშვილი: ერთი წელი დასჭირდა იმ მოლოდინს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ თუნდაც იმ ერთ წელში, როგორც მინიმუმ, ჩვენს მიმართ არ ისმოდა უსამართლო განცხადებები
შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივებსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილმა.
„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გამოიჩინა უნარი და პარტნიორობა, და სუვერენიტეტი წინა ხაზზე დააყენა. მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყანა, შტატებში ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინშია“- განაცხადა დეპუტატმა და იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შემდგომ გამოთქვამს მზაობას ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, ამერიკის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს და დელეგაციას, რომელსაც ველით. თუმცა, იმის მიხედვით, როგორ მიმდინარეობდა პროცესები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მხრივ, შეგვიძლია ვივარაუდოთ - ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გამოიჩინა უნარი და პარტნიორობა და სუვერენიტეტი წინა ხაზზე დააყენა. მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყანა, შტატებში ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინშია. მართლა ერთი წელი დასჭირდა ამ მოლოდინს, მაგრამ თუნდაც იმ ერთ წელში, როგორც მინიმუმ, შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენს მიმართ არ ისმოდა უსამართლო განცხადებები, რაც უკვე გახდა საფუძველი ჩვენი ორი ქვეყნის პარტნიორობის მიმართ მოლოდინების გაჩენისა. ეს იყო და ყოველთვის იქნება ჩვენი მიზანი. დაახლოებით 4 წლის წინ, როცა ჩვენ დავტოვეთ „ქართული ოცნება“, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ საქართველო აღქმულიყო თანაბარუფლებიან პარტნიორად. გვესმის, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებს ვასალური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ჩვენს მიმართ.
გვახსოვს რუბიოს განცხადება, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოსთან მიმართებით შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს პირდაპირ აღინიშნა ტრამპის ადმინისტრაციაში, და ამ პროცესის გადატვირთვა არ მოითხოვდა ცოტა დროს. ახლა უკვე გვაქვს მოლოდინი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისა, რაზეც მიუთითებს, მათ შორის, ქართული დელეგაციების ვიზიტები აშშ-ში.
