
ნანა კაკაბაძე: ქვეყნის წარმატებების არაღიარება, თეთრის შავად წარმოჩენა, ხალხის დასანქცირება, მოქალაქეების გამწარება, ყველა ჩვეულებრივ ყოფით პრობლემებში და ბუნებრივ კატაკლიზმებშიც კი ხელისუფლების დადანაშაულება, ერის ისტორიისა და ყველა ღირებულების შებილწვა და მასხრად აგდება, სამოქმედო გეგმად არჩეული პრინციპი - „რაც უარესია, მით უკეთესია“ - აი, ეს არის ამ მოღალატე „პატრიოტების“ ბრძოლის იარაღი და საბოლოო მიზანი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„პატრიოტული მუშტის ძალა და მადლი
ყველამ ვიცით, რომ ადამიანის მენტალიტეტს და მის შინაგან მდგომარეობას ყველაზე უკეთ მისი სიტყვები და საქმეები წარმოაჩენს.
თანამედროვე სამყაროში ინტერნეტისა და სოციალური მედიის წინა პლანზე გამოსვლამ ცხოვრებაში პრიორიტეტი მიანიჭა სიტყვებს და თითქმის სრულად გააქრო „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“ პრინციპი, მთელი სამყარო ერთ უშველებელ ინტერნეტად გადაიქცა და მთელი ქვეყანა დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს სოციალურ მედიაში ჩასახლებული თვითოეული პიროვნების სულის ნებაყოფლობითი სტრიპტიზების სეანსებს.
რამდენიმე დღეა ვხედავთ, თუ როგორი სიხარულის ყიჟინით ეგებება ჩვენს თვალწინ ათასობით ქალი და კაცი ყველა ნორმალურ საზოგადოებაში აქამდე სამარცხვინოდ მიჩნეულ ქმედებას და როგორი აღტყინებით ლოცავენ ხოტბას ასხამენ იმ „ვაჟკაცი პატრიოტის“, მარჯენას რომელმაც რუსი ქალი დაანოკაუტა.
მართალია, ის ქალი უკრაინელი აღმოჩნდა, მაგრამ მერე რა, ხომ რუსულად საუბრობდა და როგორ გაბედა, რომ ოკუპანტის ენაზე შეეპასუხა „ვაჟკაც პატრიოტს“?
ამ ინციდენტის შეფასებისას ბევრმა გაიშიშვლა სული, მოაწყო სტრიპტიზი და გამოფინა საკუთარი შინაგანი უბადრუკი მდგომარეობა.
