
POLITICO: ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა - გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახელმწიფო აუდიტის ბრალდებები სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიუწოდებლობის სკანდალის შესახებ
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური ოთხშაბათს საღამოს გადადგა - გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახელმწიფო აუდიტის ბრალდებები სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიუწოდებლობის სკანდალის შესახებ, - წერს გამოცემა POLITICO.
პევკურმა, რომელიც მინისტრის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა, განაცხადა, რომ თანამდებობას იმ ცნობების გავრცელების მომდევნო დღესვე დატოვებდა, რომელთა თანახმადაც, მისმა უწყებამ საარტილერიო ჭურვების შესყიდვაზე 70 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი ინდურ კომპანიას გაუფორმა, რომელსაც საბრძოლო მასალის გაყიდვის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა.
ჭურვების მიუწოდებლობის გამო, ესტონეთმა დავა ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაიტანა.
„ესტონეთის უსაფრთხოება არ არის ერთი ადამიანის პროექტი. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - დაწერა პევკურმა სოციალურ ქსელში. - „სწორედ ამიტომ, დღეს თავდაცვის მთელ სფეროზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩემს თავზე უნდა ავიღო და შესაფერის დროს თავდაცვის მინისტრის ესტაფეტა პრემიერ-მინისტრს გადავცე“.
პევკურის გადადგომის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც გასულ თვეს ესტონეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის უწყებაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასა და ქონების აღრიცხვაში „სერიოზული დარღვევები“ გამოავლინა. უწყებას მსგავსი შენიშვნები გასულ წელსაც ჰქონდა.
ევროკავშირის „მშვიდობის ფონდიდან“ დაფინანსებული საბრძოლო მასალის შესყიდვის კონტრაქტი 2024 წელს იტალიაში რეგისტრირებულ კომპანია Datasel S.R.L-ს გადაეცა, რომლის მფლობელიც ინდური ფირმა Neco Defence Munitions-ია.
პევკურმა განაცხადა, რომ მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს და დასძინა, რომ სამინისტრო შესყიდვების დეტალურ პროცესში, ჩვეულებრივ, ჩართული არ არის.
იმედი
წყარო: imedinews.ge