
POLITICO: ევროპას Patriot-ის რაკეტები ეწურება, უკრაინა კი რუსეთის ზამთრის იერიშებისთვის ემზადება
ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის რაკეტების მოძიებას ცდილობენ, რადგან კიევი რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის მასშტაბური იერიშების წინ ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის გაძლიერებას სასწრაფოდ ცდილობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინა ასობით ჩამომგდებ რაკეტას ეძებს, თუმცა ახალი წარმოების დაწყებას დრო დასჭირდება. ამასთან, ირანთან ომმა აშშ-ის მარაგებზე დამატებითი ზეწოლა მოახდინა, ხოლო უკრაინის რამდენიმე მთავარმა ევროპელმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომ მათ ხელთ დარჩენილი მარაგები იმდენად მცირეა, რომ მათი გადაცემა უკვე უსაფრთხოების რისკებს ქმნის.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ერთ კვირაში იმაზე მეტ რაკეტას ისვრის, ვიდრე პარტნიორებისგან რამდენიმე თვეში ვიღებთ“, - განაცხადა გასულ კვირას უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის მიერ გაშვებული 195 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ 29 ჩამოაგდეს, ხოლო კიდევ 40-მა სამიზნემდე ვერ მიაღწია.
გერმანიამ, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, უკვე გადასცა კიევს Patriot-ის სისტემები და რაკეტები. თუმცა, ახლა ბერლინს უკრაინის მზარდ გადაუდებელ საჭიროებებსა და იმ მინიმალურ მარაგებს შორის ბალანსის დაცვა უწევს, რაც გერმანიის დასაცავად და ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად არის აუცილებელი, წერს გამოცემა.
ევროპის სხვა ქვეყნებიც განიხილავენ, შეინარჩუნონ მათ ხელთ არსებული ჩამომგდები რაკეტები თუ გადასცენ ისინი უკრაინას.
„აქ ნამდვილად ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს ვუახლოვდებით. ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ საკუთარი დაცვა“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ბრიგადის გენერალმა იურგენ შრედლმა გასულ თვეს, ანკარაში, ნატოს სამიტის დასრულებიდან მალევე ბერლინში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
ბერლინი და ჩრდილოეთ ევროპის სხვა დედაქალაქები კონტინენტის სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, შეაფასონ, კიდევ რა სამხედრო აღჭურვილობისა და ფინანსური დახმარების გამოყოფა შეუძლიათ უკრაინისთვის.
როგორც POLITICO იუწყება, დეფიციტი ძირითადად Patriot-ის PAC-3 და PAC-2 ტიპის რაკეტებს ეხება, რომლებიც უკრაინისთვის სწრაფად მოძრავი რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვის ერთ-ერთ იშვიათ ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს.
უკრაინას დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ სხვა, ხშირად უფრო იაფი, საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებაც შეუძლია. ქვეყანა ასევე დაჩქარებული ტემპით ავითარებს ადგილობრივად წარმოებულ Freyja-ს ჩამომგდებ რაკეტას, თუმცა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ განკუთვნილ ამ სისტემას ჯერ კიდევ სჭირდება ინვესტიციები, საინჟინრო სამუშაოები და გამოცდები, ვიდრე ის ამ ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებას შეძლებს.
სანამ Freyja მზად იქნება, უკრაინას რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი გამოსავალი სჭირდება.
„ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება Patriot-ია, PAC-3 ან PAC-2. პირველი [გამოსავალი] არის PAC-3-ისა და PAC-2-ის ჩამომგდები რაკეტების შეძენა ან მათი მარაგებიდან მიღება“, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge