
POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ
საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრების ნაწილის მიზეზი ქვეყნის მოძველებული ელექტროგადამცემი ქსელიდან წარმოქმნილი ნაპერწკლებია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ტყის ხანძრებს მხოლოდ მცირე შემთხვევებში იწვევს, ელექტროქსელთან დაკავშირებული ხანძრები ხშირად ყველაზე სახიფათო პირობებში ჩნდება - ძლიერი ქარის დროს, ელექტროენერგიაზე მაღალი მოთხოვნის პერიოდებში და ხშირად ხანძრის გავრცელებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ, რთულად მისადგომ ადგილებში. ამის გამო მათი სწრაფად გავრცელებისა და მასშტაბურ კატასტროფად ქცევის ალბათობა უფრო მაღალია.
ხანძრების გამომწვევი მიზეზების გამოძიების სამმართველოს მონაცემებით, მიმდინარე წელს საბერძნეთში დამწვარი ტერიტორიის დაახლოებით 75% ელექტროგადამცემ ქსელთან დაკავშირებულ ხანძრებზე მოდის, წერს გამოცემა.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის წინასწარი დასკვნით, ივლისის ბოლოს ორი ხანძარი - ერთი დასავლეთ ატიკაში, მეორე კი კუნძულ კრეტაზე - ელექტროენერგეტიკულ ქსელს უკავშირდება. ხანძრებმა 36 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა და ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.
„2025 წელს 10-დან ექვსი დიდი ხანძარი და დამწვარი ტერიტორიის 55% ელექტროგადამცემმა ქსელმა გამოიწვია. სტატისტიკურად, ხანძრების უმეტესობა შესაძლოა ელექტროქსელიდან არ იწყებოდეს, მაგრამ სწორედ ეს ხანძრები იწვევს ყველაზე მასშტაბურ და დამანგრეველ ხანძრებს“, - განაცხადა World Wildlife Fund-ის საბერძნეთის ოფისის ტყის ხანძრებთან ბრძოლის კოორდინატორმა ელიას ცირიტისმა.
როგორც POLITICO წერს, საბერძნეთის ელექტროქსელის დიდი ნაწილი ათწლეულების წინ დამონტაჟდა და მიწისზედა ხაზების სახით გადის ხანძრისადმი განსაკუთრებით მოწყვლად ტყეებსა და სოფლის ტერიტორიებზე, რომლებიც მოსახლეობისგან თანდათან იცლება.
იმედი
წყარო: imedinews.ge