
POLITICO: საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა გაბრიელ ატალმა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის მიერ სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც ატალის ადვოკატებმა ფრანგულ მედიას განუცხადეს, საჩივარი ეხება „უცხოური ჩარევის, ინფორმაციის მანიპულაციის, ისეთი კონტენტის შექმნისა და გავრცელების ფაქტებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობას“.
ადვოკატების განცხადებით, სოციალურ ქსელ X-ზე რამდენიმე აქაუნთმა, რომელთაგან ზოგიერთი ფრანგული და საერთაშორისო მედიასაშუალებების სახელით მოქმედებდა, ყალბი ვიდეორეპორტაჟები და სტატიები გაავრცელა. მასალებში ატალს ცრუ განცხადებებს მიაწერდნენ, რომლებიც, ადვოკატების თქმით, „მის, როგორც კანდიდატის, დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად“.
ატალმა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის „აღორძინების“ კანდიდატია, მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ 2027 წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დესტაბილიზაციის მცდელობები კიდევ უფრო გააქტიურდება.
საფრანგეთის ონლაინ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სააგენტომ Viginum-მა დაადასტურა, რომ ატალის წინააღმდეგ ოპერაცია გამოავლინა და განაცხადა, რომ მას პრორუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
ატალი საფრანგეთის პრეზიდენტობის რიგით ბოლო კანდიდატია, რომელიც მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა. გასულ კვირას მსგავსი კამპანიის სამიზნე, სავარაუდოდ, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპიც გახდა. მანამდე კი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ცენტრისტულ-მემარცხენე პოლიტიკოს რაფაელ გლუკსმანთან დაკავშირებითაც.
იმედი
წყარო: imedinews.ge